პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას ჩხუბი მოჰყვა
26 ივნისს პარლამენტში წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე. მის შემაჯამებელ სიტყვამდე ოპოზიციონერ დეპუტატებს მისცეს სიტყვა.რა თქვა შარაშიძემექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, წევრმა, გიორგი შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა:„[აზერბაიჯანის] პრეზიდენტი [ილჰამ] ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში და მთელმა საქართველომ რომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ამ ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე გაგვეცით პასუხი“.
ასევე ნახეთ
„კორუფცია დამარცხებულია…სიღარიბე დაიძლევა“ - კობახიძის მოხსენების ოთხი მთავარი გზავნილი
მის ამ მიმართვას ხმაური მოჰყვა. იყო შეძახილები, მათ შორის „უსინდოსო“.დარბაზიდან შეძახილებს შარაშიძემ ასე უპასუხა: „უსინდისოები და უზრდელები თქვენკენ მოიკითხეთ“…პარლამენტის პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ ის სიტყვას აგრძელებდა, თუმცა ხმაური უფრო ხმამაღალი გახდა, რა დროსაც შარაშიძე მიკროფონს მოშორდა: „რას კადრულობთ“. ამ დროს კადრი გაწყდა.ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, რა მოხდა შემდეგ:ვინ ჩხუბობდა დარბაზიშარაშიძის გამოსვლისას დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.სხვადასხვა მედიასაშუალების კადრებში ჩანს, რომ შარაშიძის თანაგუნდელს, გიგა ფარულავას ხმამაღლა ესაუბრებიან მის უკანა რიგში მსხარი „ოცნების“ დეპუტატები, მალევე კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იწყება.ჩხუბში ერთვება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ყოფილი ძალოსანი.
ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემაც.იქ იყო სხვა არაერთი დეპუტატიც, მათ შორის ვარლამ ლიპარტელიანი და ვასილ ჩიგოგიძე.გიგა ფარულავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაუსწორდნენ მის თანაგუნდელ მალხაზ თორიასაც.დაპირისპირებას თვალს ადევნებდნენ ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.ჩხუბი ხუთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.„სასწრაფო გამოვიძახეთ“„სასწრაფო გვყავს გამოძახებული. როგორც ჩანს, გიგა ფარულავა არის ყველაზე მეტი მსხვერპლი. ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა“, - განაცხადა მოგვიანებით გიორგი შარაშიძემ.მან მომხდარს „ველურობა“ უწოდა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პარლამენტარებს, არამედ ირაკლი კობახიძესაც ეკისრება.„აგენტურა“ - კობახიძეირაკლი კობახიძემ მომხდარს „სამწუხარო“ უწოდა, თუმცა პასუხისმგებლობა გახარიას გუნდს დააკისრა და მათ კვლავ „აგენტურის წარმომადგენლები“ უწოდა.„აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე“, - თქვა მან.„ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე“, - განაცხადა კობახიძემ.