საქართველოს სადავო პარლამენტი მედიის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს
საქართველოს სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 8 ივნისს ხელი მოაწერა ცვლილებებს, რომლებიც ამკაცრებს ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების საპარლამენტო აკრედიტაციის წესებს. პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებები „ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე“ შემუშავდა. ახალი წესები აკრედიტაციის ვადაზე ადრე გაუქმების შესაძლებლობას ითვალისწინებს და განმეორებითი დარღვევებისთვის პოტენციურ შეზღუდვებს ერთ წლამდე ვადით ზრდის, ხოლო სანქციები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ასევე მათ მედია საშუალებებზე ვრცელდება.აკრედიტაციის წინა წესების თანახმად, ჟურნალისტს, რომელიც პარლამენტის რეგულაციებს დაარღვევდა, პირველი დარღვევის შემთხვევაში ერთთვიანი, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ექვსთვიანი შეჩერება ემუქრებოდა. ცვლილებებში შენარჩუნებულია ერთთვიანი შეჩერების წესი პირველი დარღვევისთვის, თუმცა განმეორებითი დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი ერთ წლამდე იზრდება.ცვლილების თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განმეორებით დარღვევისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით მოხდება მისთვის აკრედიტაციის ვადაზე ადრე გაუქმება, რამაც, „ასევე, შეიძლება გავლენა იქონიოს მისი მედიასაშუალების აკრედიტაციის მოქმედებაზეც“.ცვლილებების წარდგენისას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტმა შეისწავლა ევროპარლამენტის აკრედიტაციის რეგულაციები და გადმოიღო „საინტერესო საკითხები“, რათა „დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან“. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ პარლამენტი ამ ეტაპზე არ გადმოიღებს ევროპარლამენტის წესების ერთ-ერთ „უფრო მკაცრ მიდგომას“, რომელიც ჟურნალისტებს პარლამენტის წევრებთან ინტერვიუს ჩატარებამდე წინასწარი თანხმობის მიღებას ავალდებულებს.This post is also available in:
English Tagsსადავო პარლამენტი შალვა პაპუაშვილი
Copy URL URL Copied