← მთავარი
პოლიტიკა

"მოგვაქციეს ალყაში - მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში" - გახარიას პარტია პარლამენტში სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე

26 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ის გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა გამოიძახეს. “ოცნება“ მოძალადეობრივი რეჟიმია, ყველამ დაინახა როგორ მოგვაქციეს ალყაში - მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში, რა თქმა უნდა, მივიღებდით დაზიანებას პარტია “გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ადასტურებს, რომ ქვეყანაში “ქართული ოცნების“ მოძალადეობრივი რეჟიმია.

.

როგორც ხვედელიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “რეზიუმე“ განაცხადა, პარლამენტში ვითარება გიორგი შარაშიძის გამოსვლის დროს დაიძაბა. მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმა დაზიანებები მიიღო და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

“ამით დასტურდება “ოცნების“ მოძალადეობრივი რეჟიმის არსებობა ჩვენ ქვეყანაში. საკუთარი რაოდენობრივი უპირატესობით, ასეთ ქმედებას მიმართეს. დასტურდება ის, რასაც ვიძახით, რომ ძალადობრივი რეჟიმია. მათი არაკომპეტენტური პრემიერი მობრძანდა საქართველოში პარლამენტში. ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი. ისე ჩვეული დემაგოგიით სცადა გასულიყო ფონს. ბოლოს, მისი ანგარიშის შეფასების დროს, გიორგი შარაშიძის გამოსვლის დროს ატეხეს აგრესიული ქმედებები და შეძახილები. მთელი დღე მიმდინარეობდა ეს შეძახილები, სხვანაირად ვერ გასცემდნენ პასუხებს, ვერც ერთ კრიტიკულ კითხვას ვერ გასცა პასუხი. ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არ არის ჩასული და დაუფარავი ანექსიური პროცესების შესახებ დუმილს არჩევს, მოძალადეობრივი რეჟიმია და ყველამ კარგად დაინახა როგორ ძალადობდნენ, როგორ მოგვაქციეს ალყაში. ჩვენ არ ვართ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს. მოძალადეებს აუცილებლად მივუთითებ, რომ მოძალადეები არიან. კორუმპირებულებს მივუთითებთ, რომ კორუმპირებულები არიან. ფიზიკური დაზიანება მიიღეს დეპუტატებმა. ჩვენ სასწრაფოს გამოძახებაც მოგვიწია. მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში, რა თქმა უნდა, მივიღებდით დაზიანებას”,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

← მთავარი