სადავო პარლამენტმა ტვ „პირველის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია დროებით შეუჩერა
საქართველოს სადავო პარლამენტმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „პირველის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია დროებით შეუჩერა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანალოგიურად შეუჩერდათ აკრედიტაციები სხვა კრიტიკული ტელევიზიებისა და ონლაინ მედია საშუალებების ჟურნალისტებს.
ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ, 29 ივნისს განაცხადა, რომ აკრედიტაციები შეუჩერდათ ნატალია ქაჯაიას, მაკა ჩიხლაძესა და მაკა ანდრონიკაშვილს. ყველა მათგანი საგამოძიებო გადაცემაში „მელაძის შაბათი“ მუშაობს.
წერილებში, რომელიც ჟურნალისტებმა მიიღეს, ნათქვამია, რომ ქაჯაიას აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერდა, ჩიხლაძეს – ექვსი თვით, ხოლო ანდრონიკაშვილის – ერთი თვით. მელაძის თქმით, ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაცია „სრულიად დაუსაბუთებელი მოტივით“ შეუჩერდათ.
სამივე შემთხვევაში, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა მოიყვანა დებულება, რომლის მიხედვითაც აკრედიტებული ჟურნალისტი „ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ“, თუ პარლამენტის წევრი, თანამშრომელი ან სტუმარი უარს იტყვის ინტერვიუს ჩაწერაზე. მელაძის თქმით, წერილებში „არ არის დაკონკრეტებული, რომელი რესპოდენტის ინტერვიუს გამო მოხდა ამ ბლანკეტური ნორმის გამოყენება“. „სრულიად ბუნდოვანი პასუხები, ჩვენთვის ცხადს ხდის ამ აკრძალვის განზრახვას – მათი მიზანია შეწყდეს კრიტიკული კითხვები“, – აცხადებს მელაძე.
აკრედიტაციის შეჩერებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სადავო პარლამენტმა ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესები გაამკაცრა. ახალი წესები აკრედიტაციის ვადაზე ადრე გაუქმების შესაძლებლობას ითვალისწინებს და განმეორებითი დარღვევებისთვის პოტენციურ შეზღუდვებს ერთ წლამდე ვადით ზრდის, ხოლო სანქციები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ასევე მათ მედია საშუალებებზე ვრცელდება. პარლამენტმა მაშინ განაცხადა, რომ ცვლილებები „ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე“ შემუშავდა. ამ უკანასკნელმა მაისში სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედს“აკრედიტაცია და მის შენობაში გადაღების ნებართვა ერთი წლით შეუჩერა. შეჩერების მიზეზი ევროპარლამენტარის საჩივარი გახდა, რომელსაც „იმედის“ ჟურნალისტი „წინასწარი თანხმობის გარეშე მიუახლოვდა და გადაიღო“.
პარლამენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კრიტიკა მოყვა. „პარლამენტი თანდათანობით ხდება ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ინსტიტუცია ქვეყანაში, მტრულად განწყობილი იმ ჟურნალისტების მიმართ, რომელთა კრიტიკულ კითხვებზე პარლამენტის წევრების ნაწილს პასუხები ხშირად არ აქვს“, – განაცხადა ორგანიზაციამ და მოუწოდა პარლამენტს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მისცეს მათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.
მკაცრი აკრედიტაციის წესები სხვა მედია საშუალებებსაც შეეხო. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ნინი ბალანჩივაძემ, 26 ივნისს განაცხადა, რომ მას საპარლამენტო აკრედიტაცია ექვსი თვით შეუჩერდა.
მანამდე, 22 მაისს, სადავო პარლამენტმა ონლაინ გამოცემების „პუბლიკას“ და „სტუდია მონიტორის“ აკრედიტაციები გააუქმა და ამის მიზეზად ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში აკრედიტებული ჟურნალისტების პარლამენტში არყოფნა დასახელდა. „სტუდია მონიტორმა“ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.