პარიზის თითქმის 100 საბავშვო ბაღსა და სკოლაში სექსუალური ძალადობის გამოძიება მიმდინარეობს
პარიზში სამშაბათს სკოლის ასისტენტის სასამართლო განხილვა გაიმართება — ბრალდებულს მის მზრუნველობაში მყოფ მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. საქმე ერთ-ერთია მათგან, რამაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის დედაქალაქის სასკოლო სისტემა სერიოზული კრიტიკის ქვეშ მოაქცია.
გამოძიება ამ დროისთვის პარიზის თითქმის 100 საბავშვო ბაღსა და დაწყებით სკოლაში მიმდინარეობს. სკოლების არასასწავლო პერსონალის წევრებს — ეგრეთ წოდებულ ანიმატორებს — არასათანადო, აგრესიულ და ზოგ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ქცევაში ადანაშაულებენ.
სამშაბათის კონკრეტული საქმე პარიზის მე-11 ოლქში მდებარე ალფონს ბოდენის სახელობის სკოლას ეხება — ერთ-ერთ ანიმატორს ხუთ ბავშვთან სექსუალური ხასიათის შეხება ბრალად ედება.
სკანდალმა მშობლების ნდობა შეარყია; ისინი მერიას ადანაშაულებენ, რომ სჩივარებს თავდაპირველად სათანადო ყურადღება არ მიაქცია. მათი განცხადებით, ერთ-ერთი ძირეული პრობლემა ანიმატორების არასაკმარისი კვალიფიკაცია და დაბალი ანაზღაურებაა — ზოგ შემთხვევაში სკოლებში თანამშრომლები სრულფასოვანი შემოწმების გარეშე საქმდებიან.
სკოლის შემდგომი განათლების ასოციაცია SOS-Périscolaire აცხადებს, რომ ბოლო წლებში გახშირდა შემთხვევები, სადაც ბავშვები ანიმატორების მხრიდან დაცინვაზე, უხეშ მოპყრობასა და ძალადობის სხვა ფორმებზე საუბრობდნენ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თითქმის 80 თანამშრომელი უკვე სამუშაოდან ჩამოშორდა.
ასოციაციის განცხადებით, პრობლემა მხოლოდ პარიზს არ ეხება — მსგავსი გამოწვევები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც არსებობს.