"ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ ტვინში 38 პარაზიტი აღმოაჩინეს" - რას ჰყვება ქალი საბედისწერო მომენტზე, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა
ის, რაც ჩვეულებრივი თავის ტკივილით დაიწყო, 42 წლის ლორი დენმანისთვის ნამდვილ ბრძოლად იქცა. ქალი, რომელმაც 2007 წელს ინდოეთში 3 თვე იმოგზაურა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ტურნე მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, 2010 წელს გამოჩნდა, როდესაც ლორიმ ტუალეტში მეტრიანი სოლიტერი (თასმისებური ჭია) აღმოაჩინა.
“აბსოლუტურად ამაზრზენად გამოიყურებოდა, წებოვან ლენტს ჰგავდა“, - იხსენებს ის,.
თუმცა, ნამდვილი კოშმარი ერთი წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ქალს გაუსაძლისი თავის ტკივილები და ეპილეფსიური შეტევები დაეწყო. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ექიმებმა მას შოკისმომგვრელი დიაგნოზი დაუსვეს - ნეიროცისტიცერკოზი.
“ექიმმა მითხრა: თქვენს ტვინში 38 პარაზიტი ვიპოვეთო. მე და დედაჩემს ყბები ჩამოგვივარდა, ვერ ვიჯერებდით, ეს რა იყო“, - ყვება ლორი.
როგორ ხდება ინფიცირება?
ექიმების ვარაუდით, ინფექცია ქალის ორგანიზმში ინდოეთში მოგზაურობისას მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ლორიმ იქ ხორცის ჭამაზე უარი თქვა, სავარაუდოდ, მან მიიღო საკვები, რომელიც ღორის სოლიტერის მიკროსკოპულ კვერცხებს შეიცავდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში უმი ან თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცით, დაბინძურებული წყლით ან ჰიგიენის წესების დარღვევით ხვდება.
ბრიტანეთში ეს დაავადება უკიდურესად იშვიათია და წელიწადში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება.
დაავადებამ ლორის ფსიქიკაზეც მძიმედ იმოქმედა. პარაზიტების გარშემო ტვინის შეშუპებამ გამოიწვია პარანოია, პანიკური შეტევები და ფსიქოზი.
მისმა მეგობარმა, ნიკოლა ბრაუნმა, რომელიც მას ნეიროფსიქიატრიულ საავადმყოფოში ესტუმრა, ლორი ვერ იცნო: “ის პატარა ბავშვივით იქცეოდა, იატაკზე დახოხავდა, ფარდების უკან იმალებოდა და მამამისს კალთაში უჯდებოდა, თითქოს 5 წლის ყოფილიყო“.
ცხოვრება პარაზიტებთან ერთად
დღეს ლორი თავს კარგად გრძნობს, თუმცა პარაზიტები მისი ორგანიზმიდან არავის ამოუღია.
“მათ არ სჭირდებათ ქირურგიული ჩარევა, ისინი უბრალოდ კვდებიან და კალციფიცირდებიან“, — განმარტავს ის.
ქალს შეტევა 2017 წლის შემდეგ არ ჰქონია, თუმცა ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება მთელი ცხოვრება მოუწევს.
ლორი ახლა ცდილობს, საკუთარი ისტორიით სხვებს ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
წყარო
იხილეთ ასევე:
60-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ში ხორცისმჭამელი პარაზიტის შემთხვევა გამოვლინდა - მას ადამიანის ინფიცირებაც შეუძლია: რას წერს მედია