← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] პარაგვაი 0:1 საფრანგეთი. "მამლები" გაილახნენ და გავიდნენ, ანუ როცა მბაპე მესის ტოლია... | Lelo.Ge

5 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] პარაგვაი 0:1 საფრანგეთი.

მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი

პარაგვაი 0:1 საფრანგეთი

05.07. ფილადელფია. “ლინკოლნ ფილდი”. 68 324 მაყურებელი

გოლი: 0:1 მბაპე (70-პენ)

პარაგვაი (5-4-1): ხილი 7.4* - კასერესი 6.5, ველასკესი 6.2, გ. გომესი 6.0 (71. მაურისიო 6.6), ალდერეტე 5.8 (58. კანალე 6.1), ალონსო 6.6 - ალმირონი 5.5 (71. ავალოსი 6.3), დ. გომესი 6.0, კუბასი 6.8, გალარსა 6.2 - ენსისო 5.7 (61. კაბალიერო 6.1)

მწვრთნელი: გუსტავო ალფარო

საფრანგეთი (4-2-3-1): მენიანი 6.9 - კუნდე 8.0, უპამეკანო 7.9, უ. სალიბა 8.5, დინი 7.6 - კონე 7.8, რაბიო 6.9 - დემბელე 6.9 (84. შერკი), ოლისე 7.0, ბარკოლა 7.2 (61. დ. დუე 7.4) - მბაპე 7.8

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გაფრთხილება: ბარკოლა (19), კონე (81), ოლისე (90+7)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ორლანდო ხილი (პარაგვაი)

არბიტრი: ი. ტანტაშევი (უზბეკეთი)

კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია! ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს. “ლე ბლეს” არ გამოუვიდათ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში, მაგრამ მაინც დამსახურებულად იმარჯვეს.

თავად ფეხბურთისთვის არის კარგი, რომ პარაგვაიმ ვერ მოახდინა სენსაცია. უბრალოდ, ასეთი ნაკრებების ადგილი არ არის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ეს კი არა, არც ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატებზე. კი ბატონო, გერმანიას მოუგეს 1/16 ფინალში, მაგრამ ყოველთვის ფეხბურთის ჩარჩოებში უნდა დარჩე. სიბინძურე არ მოსულა!

გვესმის ჟინი და თავდადება მინდორზე, გვესმის ბრძოლაც და ადგილ-ადგილ უხეშობაც, მაგრამ ის, რასაც გუსტავო ალფაროს გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში კადრულობდა, იაფფასიანი პროვოკაცია იყო და მეტი არაფერი, რადგან ისინი მშვენივრად ხვდებოდნენ - სუფთა ფეხბურთში საფრანგეთს ვერ აჯობებდნენ…

სამხრეთამერიკელებმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სცემეს ფრანგები, შეხვედრის არბიტრი კი ყვითელი ბარათებით, რატომღაც, მხოლოდ გალახულებს “აჯილდოვებდა”.

როგორც ჩანს, დიდიე დეშამმა თავის გუნდს კონკრეტული ამოცანა მისცა - არ აჰყოლოდნენ მეტოქის პროვოკაციებს. სწორედ ამიტომ საფრანგეთმა გაუძლო. ნათქვამია, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. ჰოდა, მოიგეს კიდეც!

ფაქტები

საფრანგეთის ნაკრებმა მიმდინარე მუნდიალზე აქამდე გამართულ 4 მატჩში გაიტანა 3 და მეტი გოლი. ფრანგებმა პარაგვაისთან მატჩში ეს ვეღარ შეძლეს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არის მხოლოდ ორი ნაკრები, ვინც ერთ ჩემპიონატზე, 5 მატჩიდან თითოეულში, 3 და მეტი გოლი მიითვალა. ეს შეძლეს გერმანელებმა 1954 წელს და ბრაზილიელებმა - 1970 წელს.

1978 წლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალებზე არ წაუგია ძირითად დროში სამხრეთამერიკულ ნაკრებებთან. ფრანგებს მაშინ არგენტინამ აჯობა (2:1). მას შემდეგ, “სამფეროვნებმა” სამხრეთამერიკელების წინააღმდეგ 11 წაუგებელი მატჩი ჩაატარეს.

საფრანგეთისა და პარაგვაის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ. 1958 წელს ფრანგებმა 7:3 იმარჯვეს, ხოლო 1998 წელს, მერვედფინალში, მომავალმა ჩემპიონებმა მეტოქე მხოლოდ დამატებით დროში გატეხეს ლორან ბლანის გოლით (1:0).

კილიან მბაპემ მე-7 გოლი გაიტანა მიმდინარე მუნდიალზე და ბომბარდირთა დავაში დაეწია ლიონელ მესის.

← მთავარი