← მთავარი
სპორტი

[პარაძიუდო. ევროპის ჩემპიონატი] ზედიზედ მეორედ გუნდურში!

18 აგვისტო, 2026 · წყარო: lelo.ge
[პარაძიუდო. ევროპის ჩემპიონატი] ზედიზედ მეორედ გუნდურში!

საქართველოს პარაძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. გერმანულ ჰაიდელბერგში დასრულებულ ამ შეჯიბრებაში ჩვენმა გუნდმა წინასწარ შეხვედრებში ერთნაირი ანგარიშით, 4:1 მიყოლებით დაამარცხა საფრანგეთი, ესპანეთი და მოლდოვა, ფინალში კი 4:0 მოუგო ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე რუსეთს. ამით ჩვენებმა წარმატებით დაიცვეს შარშან მოპოვებული ტიტული და ზედიზედ მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდნენ საბა ბაღდავაძე, გიორგი გამჯაშვილი, გიორგი ბერიძე, ზვიად გოგოჭური, ლევან გუგავა, ზურაბ ზურაბიანი.

საქართველოს პარაძიუდოსტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში გამოსვლა 8 მედლით დაასრულა და, ცხადია, ვერც გუნდურ ჩათვლაში შეგვეცილა ვინმე პირველობას (საინტერესოა, რომ გუნდურ ჩათვლაშიც ზედიზედ მეორედ იპირველეს).

ამ 8 ჯილდოდან 4 ოქროა, 2-2 კი - ვერცხლი და ბრინჯაო. 1 ოქრო გუნდურ პირველობაში მოვიპოვეთ, დანარჩენი 7 კი - ინდივიდუალურში: 3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. ინდივიდუალურის ამ 7 მედლიდან 1 ბრინჯაო ქალთა გუნდზე მოდის, დანარჩენი 6 - ვაჟებზე.

ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა მძიმეწონოსანი რევაზ ჩიკოიძე (J2, +95), ზედიზედ მეორედ - ლევან გუგავა (J2, 81), მესამე ოქრო კი საბა ბაღდავაძემ (J1, 81) მოგვიტანა.

ვერცხლისმედალოსნები გიორგი გამჯაშვილი (J1, 70) და ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი პარაძიუდოისტი, პარალიმპიადის ჩემპიონი ზვიად გოგოჭური (J2, +95) არიან, მესამეზე კი ინა ქალდანი (J2, +70) და ზურაბ ზურაბიანი (J2, 70) გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ გოგოჭურმა პირველად იჭიდავა მძიმე წონაში. აქ გამართული ქართული ფინალიც ქართული პარაძიუდოს ერთ-ერთი წარმატებაა.

← მთავარი