„ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ” — გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი საჯარო მიმართვას ავრცელებს
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი 27 წლის პაპუნა ლოცულაშვილის სახელით სოციალური ქსელში მიმართვა გავრცელდა, რომელსაც მისი ძმა, გიგლა ლოცულაშვილი აქვეყნებს.
„დიდი მადლობა ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი. რაც მოხდა, საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან”, — ნათქვამია მიმართვაში.
ლოცულაშვილი სასტიკად ემიჯნება ინციდენტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას: „მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს — ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად.”
მიმართვის გასაჯაროებასთან ერთად, ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ის ლოცულაშვილის საქმეს სამომავლოდ აღარ წარმართავს: „დღეიდან მე აღარ ვარ პაპუნას ადვოკატი. საქმის წარმოებას საქართველოს ბანკის იურისტი გააგრძელებს.”
რა მოხდა გორში
27 მაისს გორში პოლიციელებმა ლოცულაშვილი ქუჩაში შეაჩერეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ძალადობა ასახულია, ფართოდ გავრცელდა. ამის შემდეგ პროკურორმა მისი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა ლოცულაშვილის წინააღმდეგ საქმე გრძელდება — მას პოლიციელზე ძალადობა ედავება.
28 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, განაცხადა, რომ მოქალაქე „საპოლიციო გადამოწმების მიზნით” შეჩერებულა და ძალადობამდე სავარაუდოდ „აგრესიული ქმედება” გამოუჩენია. ეს ვერსია ვიდეოკადრებმა სადავოდ ყავს ქცეული.
29 მაისს ექვსივე პოლიციელს — ვლადიმერ გოდერძიშვილს, ვანიკო მისირელს, გიორგი წკრიალაშვილს, ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს და საბა წაველიძეს — გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედავება ძალადობით — 5-დან 8 წლამდე სასჯელი ემუქრებათ.
ლოცულაშვილს ნეკნი ჰქონდა გატეხილი; 29 მაისს კვლავ კლინიკაში მოხვდა, სადაც მისი მდგომარეობა სტაბილურია.