პაპუაშვილი სინანულს ითხოვს, გეგელია — ახალ არჩევნებს: პოლიტპატიმართა შეწყალების კამათი
პოლიტიკური პატიმრების შეწყალების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალ დებატებს ბადებს. მმართველი „ქართული ოცნების” პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი სინანულს მოითხოვს, ოპოზიციელი გრიგოლ გეგელია კი პირობას — გათავისუფლება ახალ არჩევნებზე დიალოგს გახსნის.
პაპუაშვილი: „სინანული ეს არის ერის კანონი”
„შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული — ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც”, — განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, პოლიტპატიმრებმა „სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით, სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა და ქვეყნის დამხობა” — ამიტომ შეწყალებამდე სინანულზე უნდა ვისაუბროთ.
„პირველეს ყოვლისა, შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. თუმცა ითქვა არაერთხელ, რომ მნიშვნელოვანია, შეწყალებამდე ვისაუბროთ სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა?” — განაცხადა მან.
გეგელია: „გათავისუფლებას დიალოგი მოჰყვება”
„ძლიერი საქართველო – ლელოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ კი განაცხადა, რომ ოპოზიცია მზადაა ახალ არჩევნებზე მოლაპარაკება დაიწყოს — იმ პირობით, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.
„თუ ეს რეჟიმი წავა გარკვეული დათმობების გზაზე, გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას — ასეთ ვითარებაში დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით”, — განაცხადა მან.
გეგელიამ ასევე ახალ პატრიარქ შიო III-ს სამოქალაქო კონსოლიდაციის მიღწევა ითხოვა: „იმედი მაქვს, ახალი კათოლიკოსი ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება. დღეს ჩვენ, როგორც ერს, ძალიან გვჭირდება დადებითი შინაარსის ირგვლივ გაერთიანება.”