პაპუაშვილი „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატებს: „ეს სამარცხვინოა — ასე გინდათ? კი ბატონო, მიიღებთ შესაბამის პასუხს”
პარტია „გახარია საქართველოსთვის”-თან დაკავშირებულმა ფეისბუქ-გვერდმა 13 მაისს ვიდეო გაავრცელა, სადაც ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ენმ-ის მმართველობის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზეა ნაჩვენები. კერძოდ, ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი „პუტჩისტად” სახელდება, პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ენმ-ის მმართველობის დროს სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ, დეპუტატი მარიამ ლაშხი — ეკონომიკის სამინისტროში, ნიკოლოზ სამხარაძე — უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად.
14 მაისს იმავე გვერდმა „ქარდი” გამოაქვეყნა, სადაც ოცნების დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის სამუშაო ოთახში მიხეილ სააკაშვილის სურათი ჩანს. წინა ხელისუფლების პერიოდში შარმანაშვილი სომხეთში საქართველოს ელჩი გახლდათ.
პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის”-ის წევრმა სოფო ხორგუანმა ტრიბუნიდან ირაკლი ქადაგიშვილს შეუტია: „როცა ქადაგიშვილი თანაგუნდელებს ლანძღავს, ლოცავს მისი რეპუტაცია — იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობდა ეროვნული, არჩეული პრეზიდენტის დამხობასა და ძმათა მკვლელი ომის მოწყობაში.”
ამის საპასუხოდ პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის” წევრებს მწვავედ მიმართა.
„ახლა რაც იკადრეთ ქადაგიშვილზე, ასევე, გუშინ რაც ვნახეთ — თქვენი ამჩატებული პიართანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა. ეს სამარცხვინოა. […] ბერლინში რომ გიზით თქვენი ხელმძღვანელი, სად არის გახარია? სად არის? რომ აკურცხლა? გიორგი გახარია არის თქვენი იდეალი, ირაკლი ქადაგიშვილი კი — საკრიტიკებელი? თუ გინდათ ეს ხაზი გააგრძელოთ — კი ბატონო, მიიღებთ შესაბამის პასუხს,” — განაცხადა პაპუაშვილმა.