პაპუაშვილი ელჩ ფიშერს: საქართველო უკრაინისა და მოლდოვის EU-სკენ მიმავალ გზას არ გაიმეორებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის კომენტარს, რომელშიც ელჩმა განაცხადა, რომ „გერმანიის მთავრობის წუხილს და იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან”.
პაპუაშვილმა ირონიულად უპასუხა: „ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს.”
მისი განმარტებით, უკრაინის გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა — „საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე”. „აქეთკენ გვექაჩებიან და ამას გვაგუებენ — განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის 21-ე საუკუნის დანაელთა ძღვენი,” — წერს პაპუაშვილი.
კონტექსტი: ზაარბრიუკენის მერიამ გამოაქვეყნა განცხადება თბილისთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, რის საპასუხოდ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანელი ხალხისადმი „სამძიმრის წერილი” გამოაქვეყნა. ელჩმა ფიშერმა ეს წერილი „ნარატივად” შეაფასა, „რომელიც ევიდენტია, რომ ხელისუფლება საქართველოს ევროკავშირისგან შორს მიჰყავს.”