პაპუაშვილი გმობს ევროპარლამენტისა და PACE-ს რეზოლუციებს და აცხადებს, რომ მათ 'გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები'
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაგმო ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული რეზოლუციები და განაცხადა, რომ მათ „საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები“ და „უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები“.25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილმა, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას, განაცხადა, რომ ის დაუპირისპირდა საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას“.ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ 17 ივნისს მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ და ქვეყნის სადავო პარლამენტისა და ხელისუფლების „ლეგიტიმურობის არაღიარებას“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ხოლო PACE-ს მიერ 24 ივნისს მიღებული რეზოლუცია აცხადებს, რომ საქართველოში „ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარების პირობები არ არსებობს. ორივე დოკუმენტი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე ამახვილებს ყურადღებას.პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტმა, პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. მისი თქმით, ლიეტუველი ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით “ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის“.„პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია „მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება“, არამედ „პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“.„ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ამასთან, ეს საშიში პრეცედენტი, აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც, პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის“, – აცხადებს პაპუაშვილი.„ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და მმართველი პოლიტიკური ძალები „ვერ შეძლებენ თავად ხელი დაიბანონ და პასუხისმგებლობა ყველასგან მოძულებულ ევროპარლამენტს გადააბრალონ“.პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად“. მან მოუწოდა, რომ შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ „მტრული რიტორიკა“, დასრულდეს „დეზინფორმაცია“ ხელისუფლების წინააღმდეგ, „სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები“.„ფარისევლობაა, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპების ასეთი შერჩევითი გამოყენება ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უარს ამბობს სახელმწიფოთა თანასწორობისა და ხალხთა თავისუფალი ნების პატივისცემაზე და მსოფლიოს იმ ეპოქისკენ აბრუნებს, როდესაც ხალხების ბედს მეტროპოლიები განსაზღვრავდნენ და არა თავად ამ ქვეყნების მოსახლეობა“.