პაპუაშვილი ჩინეთში: პარლამენტის თავმჯდომარე 20 წელიწადში პირველად სტუმრობს პეკინს
საქართველოს სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 18 მაისს ჩინეთს ეწვია — ეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ბოლო 20 წლის განმავლობაში. მასთან ერთად გაემგზავრა „ქართული ოცნების” პარლამენტარების დელეგაცია: პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები ნინო წილოსანი და სოზარ სუბარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
შეხვედრა ვანგ ჰიუნინგთან
18 მაისს პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს, CPPCC-ის თავმჯდომარეს ვანგ ჰიუნინგს შეხვდა. 71 წლის ვანგი დასავლური მედიისა და ანალიტიკოსების მიერ ჩინეთის „იდეოლოგიური მეფის” სახელით არის ცნობილი — მას „ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივის „ტვინადაც” მიიჩნევენ. ის ერთ-ერთია მხოლოდ ორ თანამდებობის პირთაგან, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინმა ხელახლა დანიშნა შვიდკაციან პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის „მნიშვნელოვან პროგრესს” — განსაკუთრებით 2023 წელს პრემიერ-მინისტრის პეკინის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გაკეთდა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო და ჩინეთი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას.” ჩინურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი „მტკიცე მხარდაჭერა” დაადასტურა.
შეხვედრა ჭაო ლეძისთან
იმავე დღეს, 18 მაისს, პაპუაშვილი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს ჭაო ლეძის შეხვდა. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და „ერთი ჩინეთის პრინციპის” მიმართ საქართველოს ერთგულება დაადასტურა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის პოტენციალზე — „გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ჩრდილოეთის მარშრუტის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატივის” სახით.
19 მაისს პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში გამოვიდა მოხსენებით, სადაც ხაზი გაუსვა საქართველო-ჩინეთის „მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობასა” და ხელისუფლების ძალისხმევას „ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენ.”