ადამიანის პლაცენტას დაბერების საწინააღმდეგო ინექციების დასამზადებლად იყენებდნენ - გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი პაკისტანში
პაკისტანის სამართალდამცავმა ორგანოებმა ადამიანის პლაცენტის უკანონო ექსპორტში ეჭვმიტანილი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს.
გამოძიების ინფორმაციით, ქსელი საავადმყოფოებიდან პლაცენტას აგროვებდა, ამუშავებდა და საზღვარგარეთ აგზავნიდა, სადაც მას დაბერების საწინააღმდეგო ინექციების დასამზადებლად იყენებდნენ.
საქმეს ქვეყნის ფედერალური საგამოძიებო სააგენტო (FIA) იძიებს. უწყების ცნობით, დაჯგუფება ყოველთვიურად სხვადასხვა საავადმყოფოდან დაახლოებით 200 კილოგრამ პლაცენტას ყიდულობდა. შეგროვებული მასალა სპეციალურ ობიექტში შრებოდა და მუშავდებოდა, რის შემდეგაც ექსპორტზე გადიოდა.
გასულ კვირას ისლამაბადში ჩატარებული რეიდის დროს სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში მოწყობილი არალეგალური საწარმო აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 500 კილოგრამი, სავარაუდოდ, ადამიანის პლაცენტა ინახებოდა. ოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი დააკავეს.
ცალკე ოპერაციის ფარგლებში, ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა კიდევ 100 კილოგრამი ადამიანის ქსოვილი ამოიღეს, რომელიც ვიეტნამში იგზავნებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები პლაცენტას ისლამაბადისა და რავალპინდის საავადმყოფოებიდან საშუალოდ 800 პაკისტანურ რუპიად ყიდულობდნენ. მოგვიანებით დამუშავებული მასალა დაბერების საწინააღმდეგო ინექციების წარმოებაში გამოიყენებოდა, რომელთა ღირებულება, FIA-ის ცნობით, თითოეულზე დაახლოებით 700 000 რუპიას აღწევდა.
სააგენტო ვარაუდობს, რომ სქემა მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლებოდა და შესაძლოა, ლაჰორში, პეშავარში, რავალპინდსა და სხვა ქალაქებშიც მოქმედებდა. გამოძიება ასევე ამოწმებს, ხომ არ იყვნენ საქმეში ჩართული საავადმყოფოების თანამშრომლები, სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიები და იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები.
თავდაპირველად დაკავებულები ამტკიცებდნენ, რომ ცხვრის პლაცენტას ამუშავებდნენ, თუმცა დაკითხვისას აღიარეს, რომ მასალა ადამიანის იყო.
პაკისტანელი გინეკოლოგის, სადაფ ტარიკის განცხადებით, ადამიანის პლაცენტა მაღალი ინფექციური რისკის მქონე სამედიცინო ნარჩენად ითვლება და მისი განადგურება მკაცრად რეგულირდება. როგორც პაკისტანში, ისე მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მშობიარობის შემდეგ პლაცენტა სპეციალური წესების დაცვით ნადგურდება და მისი გადამუშავების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ კომპანიებს აქვთ.
პლაცენტა დროებითი ორგანოა, რომელიც ორსულობის პერიოდში ვითარდება და ნაყოფს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში პლაცენტისგან დამზადებული სხვადასხვა პრეპარატი, მათ შორის ინექციები და საკვები დანამატები, პოპულარული გახდა, მათი ეფექტურობა დაბერების შეფერხებისა და ქსოვილების რეგენერაციის მიმართულებით მეცნიერულად ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის.
პაკისტანის კანონმდებლობით, ადამიანის ორგანოებით ან ქსოვილებით უკანონო ვაჭრობისთვის დამნაშავედ ცნობილ პირებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონ პაკისტანურ რუპიამდე ჯარიმა ემუქრებათ.