PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი: საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს
PACE-ს საქართველოზე მომზადებული ანგარიში ივნისის სესიაზე კენჭისყრაზე გავა — კომიტეტმა „სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოში დემოკრატიული რღვევისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო” და ქვეყანა გააფრთხილა, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუფერხებლად გრძელდება, ისევე როგორც რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ”.
თანამომხსენებლების — ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის — ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ „ასამბლეის არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული” და რომ დემოკრატიის უწყვეტი რღვევა „სერიოზულ ეჭვს აჩენს ხელისუფლების მზადყოფნაზე, საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს”.
კომიტეტმა „მიუღებლად” შეაფასა ინიციატივა „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით” და მმართველი პარტია გააფრთხილა, რომ „ამ კურსის გაგრძელების შემთხვევაში ეს ქმედება საქართველოში ეფექტურად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას”.
კომიტეტი ასევე ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად” — დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე „უწყვეტი ზეწოლის, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის გამო”.
რეზოლუციის პროექტი მოითხოვს რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას და „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობასა და დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე თავდასხმებს” გმობს.
ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები. კომიტეტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ევროსაბჭოს წევრობა „პრივილეგიაა, რომელსაც თან ახლავს უფლებები და მოვალეობები”, და ორგანიზაციის პრინციპები „ეჭქვეშ არ დაყენდება”.