PACE: საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტმა განაცხადა, რომ საქართველოში „ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების” ჩატარების პირობები ამჟამად არ არსებობს. კომიტეტის რეზოლუციის პროექტი „სერიოზულ შეშფოთებას” გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და „ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის” გამო. დოკუმენტს ივნისის სესიაზე კენჭი ეყრება.
რეზოლუციის პროექტი ასევე ითქვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის „შეუჩერებელი დევნა” გრძელდება, ხოლო ხელისუფლებამ ასამბლეის „გადაუდებელი რეკომენდაციებიდან” არცერთი არ გაითვალისწინა. „დემოკრატიის მუდმივი რღვევა სერიოზულ ეჭვებს ბადებს, შეასრულებს თუ არა ხელისუფლება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებებს,” — ნათქვამია დოკუმენტში.
ოპოზიციური პოლიტიკოსების „პოლიტიკურად მოტივირებული” და „შეთითხნილი ბრალდებებით” დევნა რეზოლუციაში „მიუღებლად” არის მიჩნეული. დოკუმენტი კიდევ ერთხელ განმარტავს: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა „ფაქტობრივად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას” — ეს შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან. ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად, და შეწყვიტოს მათთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
მოხსენება „მიუღებელს” უწოდებს ოპოზიციური პოლიტიკოსების — მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას — პატიმრობას, რომელსაც „აშკარად შეთხზული ბრალდებები” უდევს საფუძვლად.
რეზოლუციის პროექტი ასევე კრიტიკულია განათლების სადავო რეფორმის, „კანონი უცხოური გავლენის შესახებ” და „გრანტების შესახებ” კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით — ხელისუფლებას მოუწოდებს, ეს კანონები „სრულად გაუუქმოს”.