← მთავარი
პოლიტიკა

PACE-ს რეზოლუცია საქართველოში "დემოკრატიის შემდგომ უკუსვლაზე" ამახვილებს ყურადღებას

25 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
PACE-ს რეზოლუცია საქართველოში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 ივნისს რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც ამჟამად საქართველოში „ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარების პირობები არ არსებობს. მასში გამოთქმულია „სერიოზული შეშფოთება“ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და „ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის“ გამო.რეზოლუციას სახელწოდებით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ PACE-ს 83-მა წევრმა ხმა, 5-მა წევრმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 4-მა კი თავი შეიკავა. ასამბლეის წევრებმა ათი სხვადასხვა შესწორება განიხილეს, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მათი ნაწილი მიიღეს, მათ შორის ის, რომელიც დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საკითხს ეხებოდა.რეზოლუციარეზოლუცია სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა „შეუჩერებლად“ გრძელდება, ისევე როგორც „სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული დევნა“. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის წინა „გადაუდებელი რეკომენდაციებიდან“ საქართველოს ხელისუფლებამ არცერთი არ გაითვალისწინა.„დემოკრატიის მუდმივი რღვევა საქართველოში და ასამბლეის რეკომენდაციებზე  რეაგირების არარსებობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზაობასთან დაკავშირებით, შესრულდეს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები“, ნათქვამია დოკუმენტში.რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებასთან „ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის“ ერთგული რჩება, თუმცა აღნიშნულია, რომ „ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც თან ახლავს უფლებები და ვალდებულებები“. „ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები, ასევე მისი წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები და ამ ვალდებულებების პატივისცემის გადაუდებელი აუცილებლობა არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ან მოლაპარაკების საგანი გახდეს“.რეზოლუცია „მიუღებელს“ უწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნას „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „შეთითხნილი ბრალდებებით“ და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოში „ფაქტობრივად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას, რაც არღვევს არსებით დემოკრატიულ პრინციპებს და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან“. დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად, და დაასრულოს მასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნა.რაც შეეხება ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დევნას, ასევე „უკიდურეს სოციალურ და პოლიტიკურ პოლარიზაციას“, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“.დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, „პრიორიტეტის სახით დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა და დაინტერესებული სამოქალაქო პირი, რათა ქვეყანაში ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო აღდგეს, ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად“.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის მიზანიც განსხვავებული აზრის ჩახშობაა, პოლიტპატიმრების არსებობის საფრთხეს ქმნის“ და „შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან და საქართველოს წევრობის ვალდებულებებთან“. მასში ნახსენებია პატიმრობაში მყოფი ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია და პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, და ნათქვამია, რომ მათ „აშკარად შეთხზული ბრალდებებით“ დევნიან.რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, „სრულად გააუქმოს“ ცოტა ხნის წინ მიღებული „რეპრესიული კანონმდებლობა“. დოკუმენტის თანახმად, საჭიროა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეიცვალოს „სრულიად ახალი კანონით“, რომელიც შემუშავდება „ევროპის საბჭოსთან მჭიდრო კონსულტაციით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან“.დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, „სრულიად და უპირობოდ“ გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი (უცხოელი აგენტების შესახებ კანონი), „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (FARA), ასევე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები.დოკუმენტში ნათქვამია, რომ „დინამიური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის“. ის გმობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის „სივრცის სულ უფრო შემცირებას“.რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულ სადავო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ კორუფციის შესახებ არსებული წუხილების გასაქარწყლებლად, ხელისუფლებამ უნდა „შექმნას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მექანიზმი ნებისმიერი უნივერსიტეტის აქტივების პრივატიზაციის სამართავად”.დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასამბლეა „სრულად იზიარებს“ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის დასკვნებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს რეკომენდაციები.რეზოლუცია ასევე გმობს „ტრანსნაციონალური რეპრესიების ბოლოდროინდელ აქტს“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის წინააღმდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ, თბილისიდან დეპორტაციის შემდეგ, ბაქოში დააკავეს, და „რომლის დეპორტაციაც საქართველოდან 2026 წლის 5 აპრილს დაჩქარებული წესით განხორციელდა, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ აზერბაიჯანში მისი დეპორტაციის აკრძალვის შესახებ მიღებული დროებითი ღონისძიებისა“.

← მთავარი