83 ხმა 5-ის წინააღმდეგ - PACE-მ დაამტკიცა მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ
რეზოლუციას, - რომელსაც კენჭისყრამდე, გასაჯაროვების შემდეგ წინასწარ დაგმეს „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, - მხარი დაუჭირა PACE-ს 83-მა წევრმა.წინააღმდეგ მხოლოდ ხუთი ევროპელი დეპუტატი წავიდა.მიღებული რეზოლუცია:სრულად იმეორებს საქართველოს შესახებ 2025 წლის ამავე ინსტიტუციის რეზოლუციებში გამოთქმულ „სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის ნგრევის, აგრეთვე ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ“;გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ დემოკრატიული უკუსვლა არ შენელებულა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონეთა დევნა.„ასამბლეის არც ერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ შესრულებულა. საქართველოში დემოკრატიის ნგრევის გაგრძელება და ასამბლეის რეკომენდაციების უპასუხოდ დატოვება აჩენს სერიოზულ ეჭვებს ხელისუფლების ნების მიმართ - საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე“, - ვკითხულობთ მასში.
დაემატა შენიშვნა აფგან სადიგოვის საქმეზეგარდა რეზოლუციის სრული ტექსტისა, - რაც საქართველოში არსებულ ვითარებასა და განვითარებულ მოვლენებს მრავალმხრივ აჯამებს, - PACE-მ მიიღო 83 ხმით მიიღო შესწორება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმესთან დაკავშირებით.იქ წერია, რომ ასამბლეა „გმობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ ბოლოდროინდელ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს, რომელიც საქართველოდან დაჩქარებული წესით იქნა დეპორტირებული 2026 წლის 5 აპრილს, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ აზერბაიჯანში მისი გაძევების აკრძალვის დროებითი ღონისძიებისა“.
ასევე ნახეთ
ჟურნალისტი სადიგოვი იმავე საქმეზე დააკავეს, რაზეც სტრასბურგს აკრძალული ჰქონდა ექსტრადიცია
იქვე განმარტებულია, რომ ეს გადაწყვეტილება „მოჰყვა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დროებით შეწყვეტას, რაც, საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად, ექსტრადიციის პროცესის ფორმალური შეჩერებისა და აზერბაიჯანში მისი დაჩქარებული წესით დეპორტაციის საფუძველი გახდა“.„მიუხედავად ამისა, იგი აზერბაიჯანში ხელახლა დააკავეს 2026 წლის 8 ივნისს იმავე საფუძვლით“, - ამბობს PACE-ს რეზოლუციის აწ-უკვე დამტკიცებული შესწორება.კენჭისყრამდე გაიმართა დებატები - „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობა საქართველოში“.
რა თქვეს დებატებზედებატებისას ერთ-ერთმა გამომსვლელმა, გერმანელმა პოლიტიკოსმა (SPD-ს წევრმა) ფრანკ შვაბემ განაცხადა, რომ საქართველო არის ამ ორგანიზაციის „ყველაზე დიდ იმედგაცრუება“.„შესაძლოა, აზერბაიჯანის გათვალისწინებით, საქართველო არ იყოს ევროპის საბჭოში ყველაზე ცუდი შემთხვევა, - ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე - მაგრამ ამ ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და უარესდება ძალიან ცუდად“, - თქვა მან.„როგორ არის შესაძლებელი, ძვირფასო კოლეგებო, რომ ხალხის უმრავლესობას ევროპა მოსწონს და უყვარს? მათ ევროპული დროშები აქვთ. მათ ევროკავშირი მოსწონთ და უყვართ… და ამავდროულად, მმართველი პარტია პირიქით იქცევა?!მიზეზი ძალიან მარტივია. ქვეყანაში ერთი მდიდარი კაცია, რომელსაც თითქმის ყველაფერი ეკუთვნის - ბიძინა ივანიშვილი. მას არაერთი პოლიტიკური მარიონეტი ჰყავს, რომლებიც ყველაფერს ისე უწევენ ორგანიზებას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს არის მიზეზი“, - განაცხადა მან.„ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, რას ელით ჩვენგან? უნდა გავჩუმდეთ? არ უნდა ვისაუბროთ სიტუაციაზე? გთხოვთ, დაუბრუნდეთ ამ ორგანიზაციას, ითანამშრომლეთ ჩვენთან“, - მიმართა მან ხელისუფლებას.
ასევე ნახეთ
რა უნდა ვიცოდეთ PACE-ში საქართველოზე დაგეგმილ დებატებამდე
„პოლიტიკური აბსურდი“, „მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე“, „საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები“, -ასეთი განცხადებებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასწარ დაგმეს 24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დაგეგმილი დებატები და კენჭისყრა.საქმე ეხება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ყოველ წელს ფასდება. ბოლო შეფასებების მიხედვით საქართველო უწყვეტ უკუსვლას აჩვენებს.