პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ” BBC-ის წინააღმდეგ საჩივარი მესამედ გადაუგზავნა — პაპუაშვილი პასუხს ელოდება
„ქართულმა ოცნებამ” BBC-ის წინააღმდეგ საჩივარი მესამედ გადააგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, პარტია პასუხს კვლავ ელოდება.
„მესამედ გადავაგზავნეთ. ძალიან სკრუპულოზურად მივყვებით ამ საკითხს, საჩივარი დასაბუთებული და სათანადო ხარისხისაა — ამაში გარწმუნებთ. ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ვნახოთ,” — განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება” BBC-ისგან ბოდიშს 2025 წლის 1 დეკემბრიდან ითხოვს — BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის გამოქვეყნებიდან. გამოძიებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი — ბრომბენზოლ ციანიდი (კამიტი). ბოდიში BBC-ს არ მოუხდია.