[კონფერენსლიგა] ოთო გოშაძე: "გულშემატკივარს ვპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად"...
ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე ოთო გოშაძემ “ლელოსთან”კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანულ “ზირასთან” კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირებაზე, რომლის პირველი მატჩიც 8 ივლისს სუმგაითში გაიმართება.
-
იმდენჯერ წარმატებით შეცვალეთ ფილიპ კლიაიჩი, წესით, კონფერენსლიგაზე ფსიქოლოგიური პრობლემა არ უნდა შეგექმნას. თანაც სუპერთასის მოპოვებაში მთავარი როლი ითამაშეთ…
-
მე პირველ და მეორემეკარეობაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მაგრამ ყველა მეკარის და ნებისმიერი ფეხბურთელის მოვალეობაა, სეზონის ნებისმიერ მომენტში მზადყოფნაში იყოს, თუ პოზიციაზე ნომინალურად მეორე ნომერია. თუ გუნდს დასჭირდება, ნებისმიერ დროს უნდა დაეხმარო. მე კი მთელი წელი ვემზადებოდი და შანსიც გამომიჩნდა. მიხარია, რომ ამ წარმატებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე.
-
კონფერენსლიგისთვის მზადებაში სუპერთასის გათამაშებამ ხელი შეგიწყოთ?
-
რა თქმა უნდა! ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ კონფერენსლიგას კარგი განწყობით ვხვდებით.
-
ქართული გუნდებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე თქვენ შეგხვდათ. მაგრამ ეს გუნდი გრანდი არ არის და ევროსაგზური შემთხვევის წყალობით, ბოლო მომენტში მოიპოვა. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ მეტოქისადმი ზედმეტმა პატივისცემამ ცუდი გავლენა არ უნდა იქონიოს…
-
ეს თავისთავად ცხადია. “ზირას” რამდენიმე თამაში ვნახეთ და კარგი გუნდია, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ბიჭებიც ჰყავთ… მაგრამ “ტორპედო” არანაკლები გუნდია. ახლახან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებსაც ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. ეს კი, მიმაჩნია, რომ ძალიან სასურველი და მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ბიჭებს ადაპტაცია არ გასჭირვებიათ და ყველაფერს აუღეს ალღო. როგორც თანაგუნდელს, მათი დიდი იმედი მაქვს.
-
როგორი თამაშის მოლოდინში ხართ?
-
დაძაბულ და რთულ შეხვედრას ველი. მაგრამ გულშემატკივარს ვპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე რომ გავიდეთ.
-
გულშემატკივრის თანადგომა ძალიან დაგჭირდებათ?
-
მე ყოველთვის მაქვს “ტორპედოს” გულშემატკივრების იმედი. თუ გაიხსენებთ, ევროთასებზე სტადიონზე ხალხი სულ დადის და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, საპასუხო შეხვედრაში “შენგელია არენის” ტრიბუნები გაივსება და მათი მხარდაჭერით, მჯერა, ამ ეტაპს გავივლით.
ქუთაისის “ტორპედოსა” და “ზირას” შეხვედრა სუმგაითში 8 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა კი 16 ივლისს ქუთაისის “რამაზ შენგელია არენაზე” გაიმართება.