ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია და საქართველოს საკითხზე ცალკე რეზოლუცია მიიღო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, სადაც საქართველოზეცაა მკაცრი შეფასებები, ასევე საქართველოს საკითხზე ცალკე რეზოლუციაც მიიღეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი გიორგი ბურჯანაძე წერს. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დელეგაციამ კენჭისყრის წინ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
“ეს რეზოლუცია ქმნის პოლიტიკურ კონსენსუსს, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია ვიდრე წინა წლის რეზოლუციაში.
რა მნიშვნელოვანი საკითხები წერია:
საქართველოზე მიღებულ ცალკე რეზოლუციაში დაგმობილია 2024 და 2025 წლის არჩევნების მასობრივი დარღვევები და აღნიშნულია რომ ახალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი. მოწოდებაა რომ ლეგიტიმურად არ უნდა ცნონ მომავალში ჩატარებული არჩევნები, თუ არ მოხდება მათი სამართლიანად შეფასება ეროვნული და საერთაშორისო სანდრო დამკვირვებლების მიერ.
დეკლარაციაში/რეზოლუციაში საუბარია წამებაზე! ასევე ძირითადი უფლებების სხვადასხვა მძიმე დარღვევაზე, პოლიტიკურ დევნებზე, ერთპარტიულ მმართველობაზე და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვაზე!
მოთხოვნილია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, წამებების გამოძიება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს და მისი რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნა არის მკაფიოდ დაფიქსირებული რამდენჯერმე. ამ ანგარიშის დაკნინება და უარყოფა რამდენჯერმე სცადა ოცნებამ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ აქაც.
ასევე, განსაკუთრებული მადლობა ასამბლეას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის დეკლარაციაში”, — წერს გიორგი ბურჯანაძე.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
ჰააგაში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 6 ივლისს გამართულ 2026 წლის ყოველწლიურ სესიაზე მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას — “საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ”, რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით. რეზოლუცია მიუთითებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეფასებებზე, სადაც საუბარია ამომრჩევლებზე ზეწოლის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და სხვა პრობლემების შესახებ.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიღებულ კანონმდებლობაზე. მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს გამოხატვის, შეკრების, მედიის თავისუფლებას და უარყოფითად აისახება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებებთან შეუთავსებელი კანონები, ჩაატაროს 2024-2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება, ასევე დაიწყოს სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმართული რეფორმები ეუთოსა და ვენეციის კომისიის მონაწილეობით.
დოკუმენტი საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს მოწოდებით, განაგრძოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და არ აღიაროს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეფასებით თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად არ ჩატარდება.
“რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება” — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე
ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად დავგმოთ ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა