ვიქტორ ორბანი გაეროში მაღალი თანამდებობის დაკავებას შეეცდება — VSquare
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შესაძლოა გაეროში მაღალი თანამდებობის დაკავებას შეეცადოს, რათა დიპლომატიური იმუნიტეტი მოიპოვოს — ამის შესახებ ცნობილი უნგრელი გამომძიებელი ჟურნალისტი საბოლჩ პანი წერს, „მრავალრიცხოვანი” წყაროებზე დაყრდნობით.
პანის ინფორმაციით, ორბანის გაეროში დასაქმების იდეა MAGA-ს ამერიკელ მხარდამჭერებს ეკუთვნით. ამ გეგმის მიხედვით, სახელდება სამი შესაძლო პოზიცია, რომლებზეც სრული დიპლომატიური იმუნიტეტი ვრცელდება: გაეროს გენერალური მდივნის, მისი მოადგილის ან თანაშემწის თანამდებობა.
ჟურნალისტის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამერიკის ხელისუფლების გარდა, ორბანი მხარდაჭერის იმედს არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისგანაც ელოდება. ამ ეტაპზე გაეროს გენერალური მდივნის პოსტის ფავორიტად IAEA-ს გენერალური დირექტორი, არგენტინელი რაფაელ გროსი მოიხსენიება.
პანი ასევე იუწყება, რომ ორბანის ქალიშვილი, რაჰელ ორბანი, უკვე ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი წყაროების ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზაფხულში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს — შესაძლოა, იქ დარჩეს კიდეც, თუ „ბუდაპეშტში პოლიტიკური ვითარება ზედმეტად დაიძაბება.”
ამ ინფორმაციის ფონზე, 26 მაისს უნგრეთის ახლადარჩეულმა პარლამენტმა დაამტკიცა ხუთი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომლებმაც ორბანის მთავრობის მიერ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტები უნდა შეისწავლონ. VSquare-ის გამოქვეყნებული ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
VSquare — ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელი.