„ოპოზიციის ალიანსი” სამართლიანი არჩევნებისთვის ექვს მოთხოვნას ასახელებს
ცხრა პარტიისგან შემდგარმა „ოპოზიციის ალიანსმა” საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად ექვსი მოთხოვნა წარმოადგინა.
15 მაისის ბრიფინგზე პარტია „ახალის” წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ალიანსის მთავარი მიზანია „ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის კი სამართლიანი არჩევნებია საჭირო. მისი თქმით, არჩევნებზე საუბრის დაწყებამდე პირველ რიგში „პოლიტიკური პატიმრები” უნდა გათავისუფლდნენ, „პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები” შეწყდეს და „რეპრესიული კანონები” გაუქმდეს.
ექვსი მოთხოვნა შემდეგია:
- საარჩევნო ადმინისტრაციის განახლება — კომისია პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტდეს, 2020 და 2024 წლების ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების ჩართვით.
- ემიგრანტების საარჩევნო უფლება — ქვეყნის გარეთ საარჩევნო უბნები ემიგრანტების რაოდენობის შესაბამისად გაიხსნოს.
- სანდო ტექნოლოგიები — ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი გამკაცრდეს, სახის ამომცნობი სისტემები დაემატოს.
- საერთაშორისო აუდიტი — სანდო საერთაშორისო კომპანია კენჭისყრის პროცესსა და ტექნიკურ სისტემებს გაუწევდეს აუდიტს.
- ამომრჩეველთა სიების გახსნა — მონაწილეობის გასაჯაროება შესაძლებელი გახდეს.
- სპეციალური სასამართლო კოლეგიები — საარჩევნო დავები სპეციალურ, შეთანხმებული პრინციპით შერჩეულ კოლეგიებს განიხილოს.
ბრიფინგის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალიანსის მოთხოვნებს უპასუხა: „2028 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება. ამის პირობას ვაძლევთ ყველას — დღევანდელი კანონმდებლობა აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.”