ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციოში - რა პოზიცია აქვთ "ასაკრძალთა სიაში" მყოფებს
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვა 21 ოქტომბრიდან იწყება. მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი პირადად დაესწრება განხილვებს და საკუთარი პარტიის ინტერესებს დაიცავს:
„ვიქნებით ბათუმში, ვიქნებით სასამართლო დარბაზში, სასამართლოს წინ, ვიქნებით თბილისის ქუჩებში, ყველგან, სადაც მივწვდებით „ქართულ ოცნებას“. ვიღაც წარმოადგენს საკუთარი პარტიის პოზიციას, ვიღაც არა. მე გეუბნებით ჩემი სახელით, რომ ვიქნებით. დანარჩენების სახელით ვერ გეტყვით“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საპირისპირო პოზიცია აქვს „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს. „ოპოზიციის ალიანსის“ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ პარტია ბათუმში ჩასვლას გეგმავს, თუმცა უშუალოდ სასამართლო სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ამასთან, მან 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიის დაწყებაც დააანონსა, რომლის კულმინაციაც 28 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია იქნება:
„ივანიშვილი ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით მხოლოდ იმას ავლენს, რომ ის ქართველ ხალხს და მათ თავისუფალ არჩევანს არ ენდობა, რადგან თუ ის პარტიები ცუდია, მაშინ ქართველი ხალხი არ უნდა ირჩევდეს მათ, ვისაც კრძალავს. მაგრამ რაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ოპოზიციური პარტიების გეგმა ამით არ იცვლება. ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანი და პრინციპული პროტესტის გაფართოება, იქამდე, სანამ ივანიშვილს დათმობებზე არ წამოვიყვანთ. გარდა ამისა, რაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ქართველი ხალხი მაინც თავისით გადაწყვეტს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი ივანიშვილის გარეშე“, — აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ ალიანსის წევრი „კოალიცია ცვლილებისთვის“ მონაწილეობს პროცესში, ხოლო „ფედერალისტები“ უარს ამბობენ, ჩერგოლეიშვილმა განმარტა:
„ეს არ მიგვაჩნია ისეთ განსხვავებად, რომ რაღაც განსხვავებულ მიდგომებად წარმოაჩინოთ. ჩვენ ბათუმში ვიქნებით, უბრალოდ პროცესზე არ ვიქნებით, რადგან პროცესად არ ვთვლით. ჩვენ ვიქნებით ბათუმში, რადგან კამპანია უნდა გვქონდეს 18-დან 25 ოქტომბრამდე. ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. ბათუმში ვიქნებით, დავცინებთ იმ პროცესს, თუმცა მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან შესაძლებლობას არ მივცემთ, რომ რაიმე სამართლებრივი ფორმა, თუნდაც მოჩვენებითი, მიეცეს ამ პროცესს. ბიძინა ივანიშვილი რომ ამას აკეთებს, ჩვენ მივესალმებით, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცხადს ხდის ფაქტს, რომ მას ეშინია ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ამაში მას ფასს გადაახდევინებს“.