„სიმღერის აკადემია“: სცენის განათებისა და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს
„სიმღერის აკადემია“ პირველი არხის პირდაპირ ეთერში მომხდარ ინციდენტს განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო ხელმძღვანელებმა ბავშვის წაქცევის მომენტი ვერ დაინახეს.
აკადემიის განმარტებით, საზოგადოებამ გავრცელებული კადრების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, „თითქოს ბავშვი უყურადღებოდ შეგნებულად დარჩა“. „ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც ამ მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი“, — ნათქვამია განცხადებაში.
„პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება ჩვენთვის უდიდესი ტკივილია. მომხდარი ფაქტი თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან განიცადა“, — წერს აკადემია.
განცხადებაში დაზუსტებულია, რომ პირდაპირი ეთერის დროს, სცენის სპეციფიკიდან გამომდინარე, წაქცევის მომენტი ხელმძღვანელებმა ვერ დაინახეს და ეთერშიც არ ჩანდა. „მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგომი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერად მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას“, — ნათქვამია ტექსტში.
აკადემიის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები არა ეთერიდან, არამედ დარბაზში მყოფი მშობლის ტელეფონით არის გადაღებული. „მას შემდეგ, რაც ამ კადრების არსებობა ჩვენთვის ცნობილი გახდა, სწორედ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა გადაუგზავნეს ვიდეო ბავშვის მშობლებს — ერთი მიზნით: მშობლებს სრულყოფილად სცოდნოდათ, როგორ წაიქცა ბავშვი, რათა არცერთი დეტალი არ დარჩენილიყო სამედიცინო ყურადღების მიღმა“, — განმარტავს აკადემია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გონების ხანმოკლე დაკარგვის შემდეგ ბავშვმა თავი კარგად იგრძნო და თანაგუნდელებთან ერთად დარჩა. „გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივ კონტაქტზეა ოჯახთან. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის გულგრილობა და ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა“, — ნათქვამია ტექსტში.
შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეცემა ბავშვი სიმღერის დროს, გუნდი კი სიმღერას განაგრძობს. ბავშვის ბებია, ანა კუხალეიშვილი წერს, რომ „სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე“.