პირველი არხი: არასრულწლოვანის გულის წასვლა პავილიონში მყოფმა თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს
საქართველოს პირველი არხი განცხადებით ეხმაურება მის ეთერში არასრულწლოვანის გულის წასვლის ფაქტს და აცხადებს, რომ მომხდარი პავილიონში მყოფმა „პირველი არხის“ თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული და შემდგომ სხვა მედიასაშუალებების მიერ ტირაჟირებული ვიდეომასალა პირდაპირ ეთერში გასულ კადრებს არ წარმოადგენს. მაუწყებლის თქმით, აღნიშნული ვიდეო სტუდიაში მყოფმა ერთ-ერთმა მშობელმა გადაიღო, რომელიც სხვა მშობლებთან ერთად ესწრებოდა გადაცემის პირდაპირ ეთერს.
„საქართველოს პირველი არხი ეხმიანება 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის დროსაც პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე შეუძლოდ გახდა. მაუწყებლისთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, განსაკუთრებით კი — ბავშვი“, — ნათქვამია განცხადებაში.
მაუწყებლის ცნობით, ეთერში გასული ვიდეომასალისა და სტუდიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი პავილიონში მყოფმა თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც“, — აცხადებს პირველი არხი.
განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ მაუწყებელს კომუნიკაცია ჰქონდა როგორც არასრულწლოვანის მშობლებთან, ისე „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან. „ჩვენთვის არცერთი ეთერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, — ნათქვამია ტექსტში.
შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეცემა ბავშვი სიმღერის დროს, გუნდი კი სიმღერას განაგრძობს. ბავშვის ბებია, ანა კუხალეიშვილი წერს, რომ „სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე და არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება“.