2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები
მსოფლიო ჩემპიონატის 96-წლიანი ისტორიის მანძილზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 13-დან 48-მდე გაიზარდა, თუმცა ყველაზე დიდი ცვლილება ფინანსურმა ნაწილმა განიცადა. დღეს ზოგი ვარსკვლავის წლიური ხელფასი კლუბში მეტია, ვიდრე 1930 წელს მონაწილე ყველა ფეხბურთელის ჯამური ანაზღაურება.
პლანეტაზე ფეხბურთის გულშემატკივართა რაოდენობა ნებისმიერი ცალკე აღებული რელიგიის მიმდევართა რაოდენობას აჭარბებს. 2010 წლიდან მოყოლებული, რიგითი მატჩის საშუალო აუდიტორია დაახლოებით 200 მილიონია, ფინალისა — 1 მილიარდის ფარგლებში, ხოლო იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ერთ თამაშს მაინც უყურეს, 3.5 მილიარდს აღემატება.
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს გაიმართა. კომერციული დაინტერესების ზრდა 50-იანი წლებიდან, ტელევიზიის განვითარებასთან ერთად დაიწყო. 2000-იან წლებში ინტერნეტმა, ხოლო 2010-იან წლებში სმარტფონების ეპოქამ კომერციული ჩართულობა და მაყურებელთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.
1930 წელს ჩემპიონატი ურუგვაიში ჩატარდა. მასპინძელი რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა: ურუგვაი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ტურნირის ორგანიზების ხარჯს თავის თავზე იღებდა. შესარჩევი ტურები არ ყოფილა. ევროპის ბევრმა ქვეყანამ ნაკრების სამხრეთ ამერიკაში გაგზავნაზე ფინანსური ხარჯის გამო თქვა უარი — ტრანსატლანტიკურ მგზავრობას მხოლოდ ოთხი სახელმწიფო დათანხმდა: საფრანგეთი, ბელგია, რუმინეთი და იუგოსლავია. სულ ტურნირში 13-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.
1934 წელს მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე, 1982 წელს 24-მდე, 1998 წელს 32-მდე, ხოლო 2026 წელს 48-მდე გაიზარდა. იყო გამონაკლისებიც: ავსტრიის ანშლუსის გამო 1938 წელს მონაწილეთა რაოდენობა 15-მდე, ხოლო 1950 წელს ინდოეთის, თურქეთისა და შოტლანდიის უარის გამო 13-მდე შემცირდა. 1942 და 1946 წლებში ტურნირი ორჯერ ზედიზედ ჩაიშალა.
გუნდების რაოდენობის ზრდა ორი მიზეზით აიხსნება: მეტი მოგება და მეტი ინკლუზიურობა. 104 მატჩიდან გაყიდული ბილეთებით, ტელეტრანსლაციითა და რეკლამებით მეტი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე 64 მატჩიდან. თუმცა ევროპის კვოტა მხოლოდ სამით — 13-დან 16-მდე — გაიზარდა, მაშინ როცა FIFA-ს რეიტინგის პირველ 48-ში 23 ევროპული ქვეყანაა. საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, თუმცა ვერც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა, ერთა ლიგა და გუნდების რაოდენობის 16-დან 24-მდე ზრდა რომ არა.