← მთავარი
პოლიტიკა

ლამერტი: 11 ივნისის შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა

11 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ლამერტი: 11 ივნისის შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა

11 ივნისს ევროკომისიასა და საქართველოს დელეგაციას შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური და პროცედურული ხასიათისაა — ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა Euroscope-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები სავიზო რეგულაციით გაწერილი სტანდარტული წესია, რომელიც ავტომატურად იწყება, როცა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უკვე ამოქმედებულია.

როგორც ლამერტი აღნიშნავს, ეს პროცედურა მიმდინარე წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ ქართველებს უვიზო მიმოსვლა 12 თვის ვადით შეუჩერდათ. სპიკერის თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია იმ გარემოებების განხილვა და გამოსწორება, რამაც ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საკვანძო ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.

„შეხვედრა ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის სტანდარტული პროცესის ნაწილია, რომელიც სავიზო რეგულაციით არის გაწერილი. ის იმართება, როცა ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ეს მარტში მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თავდაპირველად 12 თვის ვადით. შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც ამ შეჩერებამდე მიგვიყვანა. ეს გარემოებები საქართველოს მხრიდან იმ ვალდებულებების დარღვევაა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობებში ჰქონდა აღებული დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების საკვანძო სფეროებში“, — განაცხადა ლამერტმა.

შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით იმსჯელებს. ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი საბოლოოდ მიმდინარე წლის 6 მარტს შეაჩერა.

← მთავარი