← მთავარი
საზოგადოება

რა ეტაპზეა ახალი ეროვნული სტადიონის პროექტი?

11 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რა ეტაპზეა ახალი ეროვნული სტადიონის პროექტი?

2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ახალი სტადიონის თავი გამქრალია და, შესაბამისად, პროექტისთვის დასახარჯი თანხები აღარ არის გაწერილი — ამის შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ წერს. 2025 წლის ივნისში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა და, მისი ვარაუდით, სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყებოდა.

განცხადებას წინ უძღოდა ნიდერლანდური კომპანია „სტადიუმ კონსულტანსის“ (TSC) დაქირავება, რომელსაც პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებასა და კვლევების მომზადებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. ხელშეკრულების ღირებულება 755 000 ევრო იყო.

ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი მთავრობის განკარგულებით მუნიციპალური განვითარების ფონდს ჩაბარდა. 2025 წლის აგვისტოში ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ სტადიონის აშენება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუგარის კვლევით ცენტრსა და აეროპორტის გადასახვევს შორის იგეგმება. დოკუმენტების მიხედვით, ობიექტი UEFA-ს IV კატეგორიას უნდა შეესაბამებოდეს და გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ რაგბისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებებისთვისაც.

ტენდერის საწყის ღირებულებად 876 მილიონი ლარი განისაზღვრა. შეთავაზებები სამმა პრეტენდენტმა წარადგინა: შპს „ანაგი“ — 850 მილიონი ლარი; „მაქრო ქონსთრაქშენი“ და შპს „ინშაათჩი 3“ — 789.4 მილიონი ლარი; YDA İNŞAAT — 744.9 მილიონი ლარი.

მიუხედავად მიღებული შეთავაზებებისა, ფონდმა ტენდერი ანულირებულად გამოაცხადა. შპს „ანაგის“ გარდა, ორმა პრეტენდენტმა დისკვალიფიკაცია მიიღო სატენდერო დოკუმენტებთან შეუსაბამობის გამო. ფონდის განმარტებით, სატენდერო კომისიამ დაადგინა „დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება“.

სატენდერო პროცედურების გადახედვის პარალელურად, დღის წესრიგში მშენებლობისთვის საჭირო მიწების მობილიზების საკითხიც დადგა. პროექტის არეალში, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ლუგარის ლაბორატორიის მიმდებარედ მდებარეობს, კერძო ნაკვეთებიც მოხვდა. ვინაიდან მესაკუთრეებთან ნებაყოფლობითი შეთანხმება ვერ შედგა, სახელმწიფომ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართა.

ეკონომიკის მინისტრის ბრძანებებით ფონდს მიწების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. პროცესი ორ ეტაპად წარიმართა: პირველად 2025 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით, მოგვიანებით კი — სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით — 2026 წლის 29 მაისის ბრძანებით, რომელმაც ანალოგიური უფლებამოსილება დამატებით კერძო ნაკვეთებზეც გაავრცელა.

2026 წლის ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, სტადიონის მშენებლობისთვის მიმდინარე წელს 6.5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2027-2028 წლებში — 240-240 მილიონი ლარი, ხოლო 2029 წელს — 189.5 მილიონი ლარი; ჯამში 876 მილიონი ლარი. თუმცა საბოლოო ვერსიის დოკუმენტში ახალი სტადიონის თავი გამქრალია.

← მთავარი