Reuters: რუსეთის უდიდესმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უდიდესია რუსეთში. საწარმოზე დარტყმა 6 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა მიიტანეს.
სააგენტო განმარტავს, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ციმბირის სიღრმეში მდებარეობს. ეს თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე შორეული სამიზნე აღმოჩნდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
ჟურნალისტების შეფასებით, ქარხნის გაჩერება, რომელიც რუსეთში ბენზინის უმსხვილესი მწარმოებელია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს საწვავის დეფიციტს მთელ ქვეყანაში.
“დარტყმის შედეგად დაზიანდა ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები. ქარხნის პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან”, — განაცხადა ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ანატოლი სერიშევმა.
წყაროების ცნობით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი CDU-10, რომელზეც ქარხნის საწარმოო სიმძლავრის დაახლოებით 38% მოდის.