უკრაინაში ასე მიაგებენ პატივს რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას.
წუთიერი დუმილი ლვოვსა და ოდესში
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:01:32
0:00
უკვე მეხუთე წელია, რაც უკრაინა სასტიკი და უსამართლო ომის პირობებში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც 2022 წლის თებერვალში გამოაცხადა უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება, მან რამდენჯერმე საჯაროდ შეცვალა ამ „ოპერაციის“ მიზნები: უკრაინის „დენაციფიკაციით“ და „დემილიტარიზაციით“ დაწყებული, „კონფლიქტის პირველწყაროების აღმოფხვრითა“ და “რუსეთის უსაფრთხოებაზე მუქარის აღკვეთით” დამთავრებული.
ამიტომ დღეს რუს პოლიტიკოსებსა და პროპაგანდისტებს შორისაც კი ცოტას თუ შეუძლია გარკვევით ახსნას - საერთოდ რისთვის დასჭირდა მოსკოვს ეს ომი.
სამაგიეროდ, ამის ახსნა შეუძლიათ უკრაინაში. იქ ხშირად მოისმენთ აზრს, რომ კრემლმა ომი დაიწყო არა ტერიტორიებისთვის და არა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმისთვის, რომ გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელები - როგორც ერი.
ჯერ კიდევ 2021 წელს პუტინი თავის სტატიაში „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“ ასკვნის, რომ რუსები და უკრაინელები ისტორიულად ერთი ხალხია, ხოლო თანამედროვე უკრაინელი ერი და სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა „შედარებით ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების“ გავლენით.
ამიტომაცაა, რომ ეს ომი უკრაინისთვის გადარჩენისთვის ბრძოლაა, და ეს იგრძნობა არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ ზურგშიც.
ოდესა - სიმშვიდის მოკლე პერიოდი
უკრაინაში მოხვედრა ახლა რამდენიმე გზით შეიძლება, მაგრამ ყველაზე პოპულარული მარშრუტები პოლონეთსა და მოლდოვაზე გადის.
მე უკრაინაში მოლდოვიდან ჩავედი. კიშინიოვიდან ოდესამდე რამდენიმე საათის სავალია. სასაზღვრო პუნქტზე უკრაინელი და მოლდოველი მესაზღვრეები ერთად მუშაობენ - აწვდი პასპორტს და უკან ორივე ქვეყნის შტამპით გიბრუნებენ.
უკრაინული სიმბოლოებით გაწყობილი კამუფლაჟის ფორმიანი გოგონა უკრაინაში ჩასვლის მიზანს მეკითხება, იღიმის, ამბობს, რომ უკრაინაში უხარიათ ქართველების დანახვა. ასეთი განწყობა საზღვარზე თავიდან ცოტა აბნევს კიდეც ადამიანს - ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის დღევანდელი არცთუ ისე თბილი ურთიერთობების გათვალისწინებით, უფრო მეტ კითხვასა და მკაცრ შემოწმებას ელოდები, მაგრამ არა, საზღვრის გადაკვეთას ნახევარ საათზე ნაკლები დასჭირდა.
უკრაინელების მეგობრულ დამოკიდებულებას საქართველოსა და ქართველების მიმართ უკრაინაში ხშირად იგრძნობთ. ყოველთვის უსვამენ ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არ ავიწყდებათ მადლობის თქმა იმ ქართველი სამხედრო მოხალისეების მისამართით, რომლებიც უკრაინის დაცვაში მონაწილეობენ. აი, როცა საუბარი საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე გადადის, ერთ-ერთი ჩემი თანამოსაუბრე მეუბნება: „ყველაფერი მესმის, ჩვენთანაც დაახლოებით ასე იყო იანუკოვიჩის დროსო“.
უკრაინის უმაღლესი რადის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე, დეპუტატი პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“, გვეუბნება, რომ ახლა საპარლამენტო დონეზე ქვეყნებს შორის კონტაქტები პრაქტიკულად ნულზეა და მიუხედავად ამისა, კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობებში ყველაფერი ისე ცუდადაც არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს:
„როგორ ვთქვა… შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი ურთიერთობაა? იმიტომ, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის ყველა საკითხში? ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მაგალითად, გაეროში, ეუთოში. იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასე რომ, საქმე ისე არ არის, თითქოს საქართველო საერთოდ არ უბამს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ არ შეგვეძლო არ შეგვემჩნია, როგორ ააგეს მთელი საარჩევნო კამპანია [საქართველოში] – აი, თითქოს ჩვენ მშვიდობა გვინდა, უკრაინელებს კი - ომიო… [არადა] საქართველოს დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, შევძლებთ თუ არა უზრუნველვყოთ რუსეთის სტრატეგიული მარცხი ამ ომში. და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ სამხედრო გამარჯვებაზე, არამედ ვსაუბრობ [გამარჯვებაზე] ბევრად უფრო ფართო გაგებით“.
15 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად მისცა სტარტი უკრაინისა და მოლდოვის ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს. საქართველო ამ სიაში არ აღმოჩნდა - ევროკავშირის პოლიტიკასთან შეუსაბამობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ კიევმა, კიშინიოვმა და თბილისმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადები თითქმის ერთდროულად შეიტანეს - 2022 წლის დასაწყისში: უკრაინამ - 28 თებერვალს, ხოლო საქართველომ და მოლდოვამ – 3 მარტს.
კიევმა და კიშინიოვმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმავე წლის ივნისში მიიღეს, ხოლო თბილისმა - დეკემბერში. მას შემდეგ საქართველო სულ უფრო მეტად და მეტად შორდება ბლოკში გაწევრიანებას. „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა, რეპრესიული კანონების მიღება, განსხვავებულ აზრზე ზეწოლა - ეს ყველაფერი ანადგურებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, სამივე სახელმწიფო „ევროპულ ტრიოს“ შეადგენდა, საქართველოში გატარებული რეფორმები კი წარმატებულად ითვლებოდა.
„შეხედეთ, რა ხდება ერევანში და შეხედეთ, რა ხდება თბილისში. სრულიად მოულოდნელია, ხომ ასეა? თბილისი იყო ლიდერი, პროევროპული, პროევროატლანტიკური ლიდერი რეგიონში, კავკასიაში, ხომ მართალია? ახლა კი ვხედავთ, რომ ეს პალმის რტო სომხეთისკენ გადადის. ეს მოულოდნელი დინამიკაა. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ სომხეთი იმავე მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს საქართველო ორ სკამზე დაჯდომას, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, - გვეუბნება ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე.
დამანგრეველი ომის მიუხედავად, უკრაინის ბევრი სოფელი თუ პატარა ქალაქი ევროპულს ჰგავს - მოვლილი და სუფთაა. სოფლებს შორის მინდვრები დათესილია. და ეს უჩვეულო სურათია - გონება ვერ აკავშირებს იმას, რასაც ხედავ და ომს ერთმანეთთან მანამ, სანამ პირველ ბლოკპოსტს არ შეხვდები.
მანქანა ჩერდება, სალონში იყურება ზურგზე ავტომატგადაკიდებული, დაახლოებით 50 წლის კაცი. გვესალმება, მგზავრებს თვალს გადაგვავლებს და გზის გაგრძელების ნებართვას გვაძლევს. მძღოლი გაზს აჭერს და უყვირის: „დიდება უკრაინას!“ ისიც პასუხობს და ხელს უქნევს. შემდგომში ასეთი ბლოკპოსტები ხშირად შეგხვდება, დიდ დასახლებულ პუნქტებთან და ზოგან ტრასაზეც.
ოდესის ქუჩებში სიჩუმეა - ცოტა ხალხი და ერთი-ოროლა მანქანა. თავიდან გგონია, რომ ეს საღამოს ჟამია ასეთი წყნარი, მაგრამ მეორე დღეს ხვდები, რომ ოდესა დღისითაც ასეთია. შესაძლოა, მიზეზი უამინდობაც იყო, მაგრამ მე გონებაში 2026 წლის ოდესას 2012 წლისას ვადარებდი, ზუსტად მაშინ, როცა იქ პირველად მოვხვდი. ეს ორი სხვადასხვა ქალაქია - ხმაურიანი, ღამითაც კი ტურისტებით სავსე 2012 წელს და გასუსული, ხალხისგან დაცლილი და თითქოს ფხიზლად მყოფი 2026 წელს.
ქალაქის ცენტრში ბევრი შენობაა, რომლებიც რუსულმა დარტყმებმა დააზიანა, ბევრი სახლის ფანჯრები ფიცრებითაა აჭედილი, ძეგლებს ქვიშის ტომრები აქვს შემოწყობილი, დრონების და რაკეტებისგან დასაცავად. და მაინც, პრაქტიკულად ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად, ოდესა ძალიან მოვლილი ჩანს. საერთოდ, უკრაინელებს გასაოცარი უნარი აქვთ ძალიან სწრაფად აღადგინონ დაზიანებული შენობები, ქუჩები და მთელი ქალაქებიც კი. ამაში კიდევ არაერთხელ დავრწმუნდები უკრაინაში ამ ხუთდღიანი მოგზაურობის დროს.
ოდესა, 2026 წლის მაისი
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:01:10
0:00
ქალაქის ცენტრში უკრაინის დაღუპული დამცველების ხსოვნის პატივსაცემად იმპროვიზებული მემორიალია მოწყობილი. უკრაინის დროშები, ქვედანაყოფების სიმბოლოები, ჯვრები და სანთლები, ფრონტზე დაღუპული ახალგაზრდა ოდესელების ფოტოები. ასეთი მემორიალები უკრაინის ყველა ქალაქსა და თითქმის ყველა სოფელშია. და დროსთან ერთად გარდაცვლილთა ფოტოებს ახლები ემატება.
უკრაინელი მებრძოლების მემორიალი. ოდესა, 2026 წლის მაისი
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:00:19
0:00
ოდესაში, ისევე როგორც თითქმის მთელ უკრაინაში, კომენდანტის საათი მოქმედებს - ღამის 12-დან დილის 5-მდე. შუაღამის შემდეგ მთელ ქალაქში ითიშება - გარე განათება და შენობების ილუმინაცია. 90-იანები მახსენდება - როგორ ეცემოდა ქუჩებს სახლებიდან გამომკრთალი შუქი. დღე-ღამის დანარჩენ დროს ქალაქი თითქმის ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. მუშაობს მაღაზიები, სასტუმროები, კაფეები, რესტორნები.
საღამოს, ჯერ კიდევ თერთმეტი (ამ დროს მაღაზიები იკეტება) არ იქნებოდა, ერთ-ერთ ადგილობრივ ქსელურ მარკეტში შევედი. პირველი, რამაც გამაოცა, უკრაინული და ევროპული პროდუქციის მრავალფეროვნება იყო, და კიდევ - ფასებმა. ომის პირობებშიც კი, უკრაინაში ყველაფერი ორჯერ ან სამჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.
სუპერმარკეტის სალაროებთან რიგი დადგა - ხალხი სახლში მისვლას კომენდანტის საათის დაწყებამდე ჩქარობს. ვიღაც მოლარეს უკრაინულად ელაპარაკებოდა, ვიღაც - რუსულად. მე ინგლისურად მივესალმე, იმან კი რუსულად მიპასუხა. არავინ აღშფოთებულა. რუსულს მერე კიდევ ხშირად მოვისმენ უკრაინული ქალაქების ქუჩებში.
პირველმა ღამემ უკრაინაში, ოდესაში, მშვიდად ჩაიარა. სასტუმროში დაბინავებამდე გვიხსნიან როდის და სად არის საუზმე, როგორ ჩავერთოთ Wi-Fi ქსელში, ამას მოჰყვება ინსტრუქცია, სად და როგორ შევაფაროთ თავი საჰაერო თავდასხმების დროს.
უკრაინის ყველა სასტუმროს თავისი თავშესაფარი აქვს, თუმცა სარგებლობამ არ მოგვიწია. მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა ზავი, რომელიც მხარეებმა 9 მაისის წინა დღეებში გამოაცხადეს. თუ გახსოვთ, ვლადიმირ პუტინმა წითელ მოედანზე აღლუმის ჩასატარებლად მესამე ქვეყნების შუამავლობით გამოაცხადა მზადყოფნა ზავისთვის. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზავს დასთანხმდა და პუტინს აღლუმის ჩატარების ნებართვა ოფიციალური განკარგულებით მისცა.
ის რამდენიმე დღე უკრაინაში ფარდობითი სიმშვიდის ერთ-ერთი იშვიათი და მოკლე პერიოდი იყო.
კიევი - ძილი სირენების და აფეთქებების ხმაზე
საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენის ხმა პირველად კიევში გავიგონე. როგორც კი უკრაინაში ჩადიხარ, გეუბნებიან, რომ დააყენო რამდენიმე მობილური აპლიკაციიდან ერთ-ერთი, რომელიც თავდასხმების შესახებ გაფრთხილებს.
პირველმა ღამემ კიევში თითქოს მშვიდად ჩაიარა, მაგრამ გამთენიისას, დაახლოებით დილის ხუთ საათზე, ჩემი სმარტფონიდან სირენის ხმა გავიგონე - აპლიკაცია ამუშავდა. მან საჰაერო თავდასხმის შესახებ გვამცნო და თავშესაფარში გადასვლისკენ მოგვიწოდა. მაშინვე აწუილდნენ სირენები ფანჯრის მიღმაც - საზარელი ხმაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დილის სიჩუმესა და მშფოთვარე ძილს არღვევს. ამას მაშინვე ქალის ხმა მოჰყვა დინამიკებიდან, რომლებიც სასტუმროს ყველა ნომერშია, ისიც თავშესაფარში ჩასვლისკენ მოგვიწოდებდა.
ასეთ მომენტებში შენში ორი გრძნობა იბრძვის - ადგე, ჩაიცვა და წახვიდე თავშესაფარში, თუ ძილი გააგრძელო. რატომღაც იმაზე გეფიქრება, რომ მაინცდამაინც იმ შენობას, რომელშიც შენ ხარ, არაფერი მოხვდება.
ყოველი შემთხვევისთვის თვალს ვადევნებ ტელეგრამ-არხებს - წერენ საჰაერო თავდასხმების, მათი მასშტაბებისა და მიმართულებების შესახებ, ამა თუ იმ ქალაქის რაიონის სიზუსტითაც კი. ვკითხულობ, რომ კიევისკენ მომავალი რამდენიმე დრონი შეამჩნიეს - „მოპედები“ (ხმის მსგავსების გამო), როგორც მათ ადგილობრივ სლენგზე ეძახიან. ძილი შევიბრუნე. დაახლოებით ნახევარ საათში კვლავ ისმის სირენა, იმავე თანმიმდევრობით - ჯერ აპლიკაციაში, მაშინვე ქუჩაში და ბოლოს ქალის ხმა დინამიკიდან. მაგრამ ამჯერად განგაშის დასასრულია. დრონები ჩამოყარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლოგინში დავრჩი და მასშტაბური თავდასხმა, ისევე როგორც ნგრევა იმ დილით არ ყოფილა, ეს მაინც არ იყო სრულფასოვანი ძილი. ნელ-ნელა აცნობიერებ, თუ რა მძიმე რეჟიმში, დაძაბულობასა და სტრესში ცხოვრობენ უკრაინელები უკვე მეხუთე წელია, და გაოცებული ხარ, როგორ ახერხებენ ისინი მუშაობას, სწავლას და საერთოდ სახლიდან გასვლას უძილო ღამეების სერიის შემდეგ. ამაზე ადგილობრივებს ვკითხე და ყველამ ერთი და იგივე მიპასუხა - უკვე შევეჩვიეთო.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის პირველ თვეებში ბევრი ამჯობინებდა ღამეების თავშესაფრებში გატარებას. მაგრამ დროთა განმავლობაში შიში ჩვევამ ჩაანაცვლა. ჩვევა შიშს კი არ აქარვებს, უბრალოდ შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. უკრაინელები მიეჩვივნენ ძილს სირენების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და აფეთქებების ხმაზე. დღისით სირენა თითქოსდა ერწყმის კიდეც ქალაქის ხმაურს: გამვლელები ისევ ისე მიიჩქარიან თავის საქმეებზე, მანქანები ასიგნალებენ საცობებში, კაფეებისა და რესტორნების სტუმრები განაგრძობენ მაგიდებთან ჯდომას, ბავშვები ეზოებში თამაშს.
საჰაერო განგაშის ხმა. კიევი, მაისი, 2026 წელი
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:00:40
0:00
უკრაინელები თავშესაფრებში როგორც წესი, მხოლოდ დიდი თავდასხმების დროს ჩადიან, მაშინ, როდესაც რუსები უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ასობით დრონსა და რაკეტას უშვებენ.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ქვეყნის თავზე ცის სრულად დასაცავად. რუსეთი საკმაოდ მზაკვრულად მოქმედებს: ის რაკეტებს თავისი საჰაერო სივრციდან Ту-95, Ту-160 და МИГ-ის ტიპის თვითმფრინავებიდან ისე უშვებს, რომ არც კი უახლოვდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონას. უკრაინელებს უჭირთ თვითმფრინავებს მისწვდნენ და უწევთ რაკეტები თავისივე საჰაერო სივრცეში ჩამოყარონ. ამოცანას ართულებს ისიც, რომ რუსეთი დიდი თავდასხმების დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვას „ტვირთავს“ ასობით დრონით, ესეც ამცირებს ეფექტურობას.
კიევში გატარებულ მეორე ღამეს მე თავად გავხდი ასეთი კომბინირებული დარტყმის მოწმე. უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, იმ დროისთვის, ეს იყო უკრაინის დედაქალაქზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა, დიდი ომის დაწყების შემდეგ.
13-დან 14 მაისის ღამეს რუსეთმა კიევის მიმართულებით 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და დაახლოებით 60 რაკეტა გაუშვა, მათ შორის ბალისტიკურიც. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უმრავლესობა ჩამოაგდეს.
მთელი მეორე დღე არ შეწყვეტილა უპილოტო საფრენი აპარატების პერიოდული თავდასხმები კიევზე. როცა ასე ხდება, უკრაინელებმა იციან, რომ დიდი ალბათობით ღამით მასირებული დაბომბვა იქნება.
სირენამ საჰაერო განგაშის შესახებ დაახლოებით ღამის პირველ საათზე დაიწუვლა, არადა, ფანჯრის მიღმა თითქოს სიმშვიდე იყო. ტელეგრამ-არხები იტყობინებოდნენ, რომ რაკეტები, მათ შორის ბალისტიკური, კიევს დაახლოებით ორ საათში მოუახლოვდებოდნენ. გავიფიქრე: ეგებ ამ ღამის გატარებასაც ლოგინში მოვახერხო. მაგრამ დაახლოებით სამი საათისთვის სიჩუმეში საჰაერო თავდაცვის ხმებმა დაიწყო შემოღწევა - თავიდან თითქოს სადღაც შორს ისმოდა, შემდეგ კი სულ უფრო ახლოს და ახლოს… და უცებ გრუხუნი სადღაც სულ ახლოს, გვერდით გაისმა. ფანჯრის მინებმა ზანზარი დაიწყეს, დერეფნიდან ფეხის ხმები გაისმა - ხალხი თავშესაფრისკენ გარბოდა.
თავშესაფარი სასტუმროს ქვეშ, პარკინგზე იყო მოწყობილი: ვიღაც სკამზე თვლემს, ვიღაც ტელეფონში სქროლავს, ვიღაც უბრალოდ ერთ წერტილს არის მიშტერებული, ვიღაც კი ქილიდან ლუდს წრუპავს. გამომეტყველებით, მათი უმრავლესობა უცხოელი უნდა ყოფილიყო. პერიოდულად გარეთ გადიან მოსაწევად ან ჰაერის ჩასაყლაპად. სასტუმროს თავზე კი რაკეტის გადაფრენის ხმა ისმის. ძალიან თავისებური ხმაა, რომელიც თითქოს შრიალს ჰგავს, მაგრამ ამავე დროს ხმამაღალია. შემდეგ აფეთქება - ეს რაკეტა სადღაც აქვე ჩამოაგდეს და ჰაერში გახურებული ლითონის, საწვავისა და დამწვრის მოტკბო-მომწარო სუნი იღვრება. მანამდე არსად და არასდროს მიგრძნია მსგავსი სუნი. შესაძლოა, ასეთი სუნი აქვს რაკეტის საწვავს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს ომის ერთ-ერთი სუნია.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის მუშაობა, კიევი, 2026 წლის მაისი
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:00:22
0:00
მეშინოდა თუ არა თავდასხმის დროს? არა, შიში, როგორც ასეთი, იმ მომენტში არ მიგრძნია. შესაძლოა, ასეა მოწყობილი ადამიანის ტვინი, ან ეს მხოლოდ ჩემი განცდაა, მაგრამ ამ დროს რატომღაც თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ადგილს, სადაც ვიყავი, არაფერი მოხვდებოდა, მე არაფერი დამემართებოდა. თითქოს რაც ხდება, ყველაფერი სადღაც გვერდითა და არა პირდაპირ ჩემს თავზე. ეს მცდარი წარმოდგენაა. რაკეტა შეიძლება ყველგან მიფრინდეს. იმ ღამით ასეთი დაახლოებით 20 ადგილი იყო. რუსულმა რაკეტამ X-101 გაანადგურა ცხრასართულიანი სახლის ერთი სექცია კიევის დარნიცკის რაიონში. ჩამოინგრა მთელი სადარბაზო. 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. სულ იმ ღამეს 48 ადამიანი დაშავდა.
და ყველაზე საშინელი, ალბათ, ამ საერთო ტრაგედიაში საკუთარი თანამონაწილეობის გაცნობიერებაა. ჩამონგრეული სადარბაზოს შესახებ შეტყობინების გაგებისას, გონებაში ვუბრუნდებოდი მსხვერპლებს - მათ, ვისაც არ ვიცნობდი. წარმოვიდგენდი, რომ შემეძლო რომელიმე მათგანს დღისით ქუჩაში შევხვედროდი. ვფიქრობდი, რომ ასობით ადამიანიდან, რომლებსაც ქალაქში შემთხვევით გადააწყდი, ვიღაცამ შეიძლება ვეღარ მიაღწია მომდევნო დილამდე. მათ შორის შეიძლება მეც ვყოფილიყავი.
ისევ და ისევ აღვადგენდი მეხსიერებაში იმ ღამის ქრონოლოგიას. აი, მე დასაძინებლად ვწვები და ეს ადამიანებიც დაახლოებით ამ დროს ემზადებიან ძილისთვის. ღამით ჩვენ ერთად გვესმის სირენების წუილი. როდესაც მე თავშესაფარში ჩავდივარ, ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ვფიქრობდი იმაზე, რომელი რაკეტა შეიძლებოდა მოხვედროდა მათ სახლს. ეგებ, ის, რომელმაც ჩვენს სასტუმროს გადაუფრინა და რომლის შრიალიც შემომესმა. და აი, დილით ჩემთვის ახალი დღე დაიწყო, მათთვის კი - აღარ.
თავდასხმის წინა დღეს, ჩემი კიეველი მეგობარი უნდა მენახა. გადატვირთული გრაფიკის გამო რამდენჯერმე გადავაჩოჩეთ შეხვედრის დრო და დღის ბოლოს სულაც ხვალისთვის გადადება შევთავაზე. ხვალ არც შენ და არც მე შეიძლება ცოცხლები აღარ ვიყოთ, ამიტომ შეხვედრის გადადება არ არის კარგი იდეაო - მიპასუხა. მაშინ ეს შავ იუმორად აღვიქვი, მოგვიანებით კი მივხვდი, რომ უკრაინელები მართლაც სამხედრო წესებით ცხოვრობენ: ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება - დღესვე უნდა გაკეთდეს, რადგან ხვალ ვიღაცამ შეიძლება აღარ გაიღვიძოს.
და მაინც, ომის მიუხედავად, კიევში ცხოვრება დუღს. უკვე დილის შვიდ საათზე, იმ საშინელი ღამის შემდეგ, სასტუმროს რესტორანში თითქოს არაფერი მომხდარაო, საუზმეს აწვდიან, ისმის მუსიკა, თითქოს არც აფეთქებები ყოფილა, არც ჩამონგრეული სადარბაზო და არც მსხვერპლი. ქალაქში მუშაობს ტრანსპორტი, ღიაა მაღაზიები, ყველას სადღაც მიეჩქარება, ბავშვები სკოლაში მიდიან. კიევის ცენტრში საცობია.
უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე (მაიდანზე), იქ სადაც 2013-2014 წლებში ღირსების რევოლუციის ეპიცენტრი იყო, ახლა მემორიალია უკრაინისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად. ათასობით უკრაინულ დროშას შორის სხვა ქვეყნების დროშებიც ჩანს - კოლუმბია, აზერბაიჯანი, აშშ, ავსტრალია, გერმანია…
დროშების ამ ტყეში კამუფლაჟიანი მამაკაცი დადის, ამჩნევს, რომ უცხოელი ვარ და ინგლისურად მეკითხება, საიდან ჩამოვედი. ვპასუხობ, რომ საქართველოდან. „აჰა, საქართველო! კარგია, კარგია, წამომყევი“, - ინგლისური, უკრაინული და რუსული სიტყვების ნარევით მიმიძღვება დროშებს შორის ვიწრო ბილიკებზე. გზად ამბობს „გამარჯობა“ და მივყავარ იმ ადგილას, სადაც საქართველოს დროშები ფრიალებს, მათ ქვეშ უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ფოტოებია.
დამოუკიდებლობის მოედანი (Майдан Незалежности), უკრაინელი მებრძოლების ხსოვნის ადგილი, კიევი, მაისი, 2026 წელი
დამოუკიდებლობის მოედანი (Майдан Незалежности), უკრაინელი მებრძოლების ხსოვნის ადგილი, კიევი, მაისი, 2026 წელი
გასასვლელში კიდევ ერთხელ მაჩერებს და უკრაინის დროშის ფერებში ლურჯ-ყვითელი სამაჯურის ყიდვას მთავაზობს. რამდენსაც საჭიროდ ჩათვლი იმდენი მომეციო, ფული საქველმოქმედო ფონდებში ირიცხება. ნაღდი ფული თან არ მაქვს, და ვეუბნები, ვერ ვიყიდი, სამწუხაროდ მარტო ბარათი მაქვს მეთქი. ისე წაიღე, ძალიან გამიხარდა ქართველთან შეხვედრაო, და სამაჯურს მაწვდის. დამშვიდობებისას ვეუბნები - „დიდება უკრაინას!“ „გმირებს დიდება!“ - მპასუხობს და ამატებს: „დიდება საქართველოს!“
ზუსტად რამდენი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს უცნობია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამე ითქვა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი უნდა იყოს.
კიევში ყოფნისას „ქართული ლეგიონის“ წევრებს შევხვდი - მებრძოლ ნიკას და ქვედანაყოფის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ალიას - მხიარულ უკრაინელ გოგოს, რომელიც ომამდე რამდენიმე წლით საქართველოში ცხოვრობდა და ცოტა ქართულიც უსწავლია. უსაფრთხოების მოსაზრებების გამო ვერც ჩვენ გეტყვით ზუსტ რაოდენობას, მაგრამ ბევრნი არიან და დღემდე ჩამოდიან, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ წყდებაო.
სამხედროები და მკვლევრები, რომლებთანაც დალაპარაკება მოვახერხე, არ ჰყვებიან ფრონტის დეტალებს, მაგრამ ყველა ადასტურებს, რომ ახლა ომის მთელი დროის განმავლობაში ყველაზე არსებითი გარდატეხა ჩანს უკრაინის სასარგებლოდ. თავდაცვაში მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად - ეს პირველ რიგში შეზღუდული ადამიანური რესურსია - უკრაინამ ომის ოთხი წლის განმავლობაში შეძლო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა საკუთარი შეიარაღების წარმოების სფეროში.
2022 წლის პირველ თვეებში უკრაინის მთავარი დამრტყმელი ძალა, უპილოტო საფრენი აპარატები, თურქული Bayraktar-ები იყო, მაშინ უკრაინული დრონები არ არსებობდა, მხოლოდ - მოდელები. აი, უკვე 2026 წლის შუაში კი უკრაინული უპილოტო ომის სკოლა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება მსოფლიოში. უკრაინა დღეს ძირითადად დრონების საკუთარ ვერსიებს ეყრდნობა და ამაში არა მხოლოდ დამრტყმელი დრონები, არამედ იგულისხმება დრონი-გადამჭერები, მზვერავები, რადიოელექტრონული დაზვერვის ჩათვლით, რეტრანსლატორები, საზღვაო და ლოგისტიკური დრონები, დრონი-დამნაღმველები.
უკრაინამ, რომელსაც არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია, პირველ პლანზე უპილოტო მოწყობილობების გამოყვანით, ფაქტობრივად, შეცვალა ომის წარმოების წესები მთელი მსოფლიოსთვის: არსებითად, დრონებმა რიგ ოპერაციებში ადამიანები ჩაანაცვლეს.
უკრაინის გამოცდილებამ, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით საგრძნობ ზიანს აყენებს რუსეთს ფრონტიდან ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი, აიძულა მსოფლიოს მრავალი არმია, გადაეხედა ომის წარმოების დამკვიდრებული კონცეფციებისთვის. მძიმე სახმელეთო ტექნიკა, როგორც ჩანს, წარსულს ბარდება, ბევრ სიტუაციაში მას უბრალოდ არ შესწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს მანევრირებად უპილოტო საფრენ აპარატებს.
გარდა ამისა, უკრაინა ხვეწს და აწარმოებს საკუთარ რაკეტებს, ბალისტიკურის ჩათვლით. მაგალითად, ფრთოსანმა რაკეტა „ფლამინგომ“, უკვე გაიარა გამოცდა საბრძოლო პირობებში და ეფექტიანიც გამოდგა.
ძალოვანი კომპონენტის განვითარება უკრაინას აძლევს იმ უპირატესობას, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „კარტებს“ უწოდებს. ამიტომ ქვეყანაში იზრდება იმის რწმენა, რომ უკრაინას შეუძლია ეს ომი ხელსაყრელი პირობებით დაასრულოს.
„პირველ რიგში, ეს არის რუსული ჯარის 100%-იანი გაყვანა მთელი ტერიტორიიდან. უკრაინაში არის ასეთი გამოთქმა: „ეს დაიწყო ყირიმში, ეს უნდა დასრულდეს ყირიმში“. და, სხვათა შორის, იმ პოლიტიკით, რომელსაც რუსეთი ბოლო 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა, მე ვეტყოდი, რომ ყირიმიდან უფრო ადვილია (რუსული ჯარის) გაყვანაც კი, ვიდრე დონბასიდან. მათ გაუჭირდებათ ყირიმის მომარაგება… მთავარი, რაც აუცილებელია გავიგოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით: როდესაც უკრაინა იბრძვის მათთვის, ეს არ არის ბრძოლა კილომეტრებისთვის, ტერიტორიისთვის, მიწისთვის, თუმცა ისტორიულად ეს ყველაფერი ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენს სიტუაციაში ეს ომი მიდის ადამიანებისთვის“, - ამბობს ანა შელესტი, საგარეო პოლიტიკის საბჭოს „უკრაინული პრიზმის“ უსაფრთხოების პროგრამების დირექტორი, გამოცემა UA: Ukraine Analytica-ს მთავარი რედაქტორი.
ჟურნალისტი მარიუპოლიდან ანა მურლიკინა ჰყვება, რომ ქალაქში, სადაც ომამდე დაახლოებით 400 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა დაახლოებით 200 ათასიღა შემორჩა. მათი დაახლოებით ნახევარი რუსები არიან, რომლებიც მარიუპოლში ოკუპაციის შემდეგ გადავიდნენ საცხოვრებლად. ამგვარად, მკვიდრი მცხოვრებლები მხოლოდ მეოთხედი თუ იქნება. მარიუპოლში აკრძალულია ყველაფერი უკრაინული – ენა, სიმღერები, ტანსაცმელი, დღესასწაულები. ოკუპანტები ცდილობენ გაანადგურონ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ამა თუ იმ გზით უკავშირდება უკრაინას.
„ვიცი, რომ მარიუპოლში ჩავიდნენ ბაშკირეთიდან, თათრეთიდან, ურალიდან. რუსების პირველი ნაწილი მარიუპოლში ჩამოვიდა, როგორც მშენებლები, დაიწყეს მუშაობა და ირგვლივ მიმოიხედეს. თბილი კლიმატია ზღვასთან ახლოს. ბევრი ბოსტნეული, ხილი, საკვებია. საცხოვრებლად ცუდი ადგილი არ არის. ჩამიყვანეს თავიანთი ოჯახები და დასახლდნენ ბინებში, რომლებიც მარიუპოლის მოქალაქეებს (ადგილობრივებს) ეკუთვნოდათ. ეს არის პირადი საკუთრების ექსპროპრიაციის პირველი ტალღა. მეორე ტალღა იყო მასწავლებლები და ექიმები, რადგან ქალაქს ეს პროფესიები არ ჰყოფნიდა და საოკუპაციო ადმინისტრაციამ დაიწყო პროგრამა, რუსულ ენაზე ვიტყვი, „უეზდნი დოქტორ, უეზდნი უჩიტელ“ (თითო მაზრას თითო ექიმი და მასწავლებელი)… ჰპირდებოდნენ უფრო დიდ ხელფასს, ვიდრე ისინი იღებენ სახლში. ახლა კი, ქალაქში შევიდა ბიზნესი… სილამაზის, მშენებლობის სფერო. ერთმა ოჯახმა თათრეთიდან, ყაზანიდან, დაიწყო კერძო სახლების მშენებლობა რუსებისთვის, რომლებიც მარიუპოლში ყიდულობენ მიწებს ზღვასთან ახლოს, სანაპიროზე. ხშირად აზიანებენ ძველ შენობებს და იწყებენ ამ ადგილებზე ახლის შენებას რუსებისთვის. თან ყველაფერზე იმას ამბობენ, რომ მფლობელები გარდაიცვალნენ ან საზღვარგარეთ წავიდნენო“, - ჰყვება ანა მურლიკინა, ჟურნალისტი მარიუპოლიდან.
ლვოვი - ყავის სურნელი ევროპულ ქალაქში
ლვოვი მესამე უკრაინული ქალაქია რომელშიც ჩავდივარ და პირველი, სადაც ომი ყველაზე ნაკლებად იგრძნობა. აქაც მოქმედებს კომენდანტის საათი, მაგრამ თუ ოდესასა და კიევში ცხოვრება ღამის 12 საათის შემდეგ შეშდება, ლვოვში გრძელდება - მუშაობს ზოგიერთი მაღაზია, ქუჩებში ახალგაზრდები სეირნობენ და მანქანაც მეტი დადის ვიდრე სხვაგან.
ლვოვი უფრო იშვიათად ხვდება დაბომბვაში, ვიდრე ქალაქები უკრაინის ცენტრალურ ან აღმოსავლეთ ოლქებში. მიუხედავად ამისა, ლვოვი ომის წლებში არაერთხელ აღმოჩენილა რუსი სამხედროების დამანგრეველი დარტყმების ქვეშ. მაგალითად, 2023 წლის 6 ივლისს, როცა ჩამოინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი, და სულ მცირე კიდევ 35 შენობა დაზიანდა. მაშინ 10 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავდა. პერიოდულად არტყამენ ისტორიულ ცენტრსაც, სადაც ყველა ძეგლი და შენობა დამალულია დამცავი ფარების ქვეშ.
ქალაქის ქუჩები, ლვოვი, მაისი 2026 წელი
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:00:57
0:00
გათენებისთანავე ლვოვი ხმაურიანი ევროპული ქალაქი ხდება, რომლის ქუჩებშიც უამრავი უცხოელი ტურისტი დადის, საღამოობით ქალაქის ცენტრში რესტორნებსა და ბარებში თავისუფალი ადგილის პოვნა სულაც არ არის მარტივი. და ამ სურათის ყურებისას გიკვირს, მაინც რა შეიძლება იზიდავდეს ამ ადამიანებს აქ, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში საჰაერო გზით მოხვედრა შეუძლებელია, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ავტობუსებით მგზავრობა საკმაოდ დამღლელია. არ არის გამორიცხული, რომ ტურისტები მიდიან ლვოვში, ისევე როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში, იაფი ფასების, კარგი სერვისისა და გემრიელი სამზარეულოს გამო, და ამავდროულად ადრენალინისა და იმ გამოცდილების საძიებლად, რომელიც სხვაგან არსად არაა. და კიდევ, ალბათ, ცნობილი ლვოვური ყავისთვის. ეს სასმელი ქალაქის სიამაყე და ერთ-ერთი სიმბოლოც კია, სპეციალური ადგილობრივი მოხალვისა და მომზადების რეცეპტურების წყალობით. ის მართლაც ძალიან, ძალიან გემრიელია.
საჰაერო განგაშის გამოცხადება და ხალხი ქუჩაში, ლვოვი, 2026 წლის მაისი
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:00:22
0:00
უკრაინაში გატარებული ამ ხუთი დღის განმავლობაში მუდმივი კონტრასტის განცდა თითქმის არასდროს მტოვებდა. ცხოვრება ქვეყანაში თითქოს სხვადასხვა შრედაა დაყოფილი: დილით შეიძლება იდგე საცობში, დღისით იმუშაო ოფისში, საღამოს იჯდე რესტორანში ან ბარში, ხოლო ღამით ჩახვიდე თავშესაფარში მორიგი საჰაერო თავდასხმისგან დასამალად.
მონაცვლეობით გესმის ხან გულწრფელი და მხიარული სიცილი, ხან კი ხედავ ტანჯვასა და ცრემლებს. შესაძლოა, სწორედ ეს კონტრასტია ყველაზე რთული აღსაქმელად უცხოებისთვის. მაგრამ მილიონობით უკრაინელისთვის უკვე მეხუთე წელია, ასე გამოიყურება ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ესაა მათი რუტინა. უკრაინელებმა მართლაც ისწავლეს არსებობა და გადარჩენა ამ პირობებში, ახლა ყველა ნორმალურ ცხოვრებაზე ოცნებობს - მშვიდობასა და გამარჯვებაზე.
და, ალბათ, სწორედ ამიტომაც უკრაინა დღეს არ გამოიყურება ისე, როგორც ამას ბევრი წარმოიდგენს საინფორმაციო გამოშვებებიდან. ეს არ არის მხოლოდ ომის ქვეყანა, სადაც ყოველი ახალი დღე ახალ დანაკარგებს იწვევს. ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანები აგრძელებენ მუშაობას, გეგმების დასახვას, იწყებენ ბიზნესს, იშენებენ ან ყიდულობენ ახალ ბინებს, აჩენენ და ზრდიან შვილებს. ადამიანებმა იციან, რომ ადრე თუ გვიან ომი დასრულდება.
ამ ხუთი დღის განმავლობაში მე არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, ვისაც ეთქვა, რომ უკრაინა განწირულია. დიახ, დაღლილობა, შფოთვა და გაურკვევლობა იგრძნობა აქ ყველგან, მაგრამ მათთან ერთად იგრძნობა რწმენაც იმისა, რომ ქვეყანა გაუძლებს. შესაძლოა, სწორედ რეალიზმისა და ოპტიმიზმის ეს შერწყმა, გამარჯვების რწმენით გაჯერებული, საუკეთესოდ აღწერს დღევანდელ უკრაინას. უკრაინელებს სჯერათ, რომ მათ სახელმწიფოს აქვს მომავალი. თანაც - კარგი მომავალი. და ეს გრძნობა მხვდებოდა ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე სასოწარკვეთა.