ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს მედიაში გავრცელებულ კადრებზე, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას ასახავს
სახალხო დამცველი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას ასახავს.
ომბუდსმენი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ამასთან, გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს მოკლე ინფორმაცია 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში პოლიციის მხრიდან მოპყრობის კუთხით ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეფუძნება. 2025 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 79 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, ასევე ადვოკატებს, მოიპოვა და გააანალიზა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მონაცემები. მონიტორინგის შედეგად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ყოველწლიურად იღებს ინფორმაციას პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შესახებ, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში და ადმინისტრაციულ შენობებში. შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი უთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ. სახალხო დამცველი კვლავ იმეორებს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე. სამწუხაროდ, ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციები წლების განმავლობაში შეუსრულებელია. პატრულ ინსპექტორებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. ასევე არ არსებობს პოლიციის ავტომანქანებში დაკავებულთა ყოფნის ვიდეოგადაღებისა და გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პოლიციის სამმართველოებსა და დეპარტამენტებში კამერების რაოდენობა არსებითად არ გაზრდილა, ხოლო ცალკეულ სამმართველოებში კამერები საერთოდ არ არის განთავსებული. 2025 წელსაც გამოვლინდა ფორმალური პროცედურების გარეშე, პირების ფაქტობრივად დაკავების უკანონო პრაქტიკა. გარდა ამისა, ანგარიშში აღწერილია დაკავებულების უფლებებზე ინფორმირების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემები, ასევე დოკუმენტაციის წარმოების, მათ შორის, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დოკუმენტირების ხარვეზები. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები საპარლამენტო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად”,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. წაიკითხეთ ასევე:
“საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, სამივე პოლიციელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით” - შსს განცხადებას აქვეყნებს “ტვ პირველის” მიერ გამოქვეყნებულ კადრებზე