ომბუდსმენი: ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა მისადმი სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს, 22 ოქტომბერს, მათმა წარმომადგენლებმა კლინიკა ვივამედში მოინახულეს დავით ფეიქრიშვილი. გავრცელებული განცხადების თანახმად, ფეიქრიშვილმა აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე.
ომბუდსმენი პროკურატურას საქმის გამოძიების პროკურატურის ორგანოების დაქვემდებარებისკენ მოუწოდებს, ასევე განმარტავს ფეიქრიშვილთან დაკავშირებით, აპარატის მიერ გადადმულ ნაბიჯებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
დავით ფეიქრიშვილის მონახულების მოთხოვნა სახალხო დამცველის აპარატში 2026 წლის 19 ოქტომბერს შემოვიდა. პატიმართან იმავე დღეს განხორციელდა ვიზიტი, თუმცა მან უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრასა და გასაუბრებაზე.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა ინფორმაცია არ მიაწოდა, დავით ფეიქრიშვილის დედისა და ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა.
კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა 2026 წლის 20-21 ოქტომბერს:
დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული დანაშაულის თაობაზე მიმართა საგამოძიებო უწყებას;
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მიმართა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს;
დავით ფეიქრიშვილის საკანში განთავსებისა და მასთან ერთად მედიაში დასახელებული სხვა პატიმრების განთავსების დეტალებთან დაკავშირებით, ასევე ვიდეო მეთვალყურეობისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ მიმართა N8 პენიტენციურ დაწესებულებას;
დავით ფეიქრიშვილის განთავსების საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეო მეთვალყურეობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს.
2026 წლის 22 ოქტომბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განმეორებითი ვიზიტი განახორციელეს დავით ფეიქრიშვილთან, კლინიკა ვივამედში. ამჯერად მან სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. ასევე, განმარტა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც, 2026 წლის 21 ოქტომბერს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის, რათა გამოძიებამ მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით”. - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი 20 ოქტომბერს მეორედ გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში და როგორც კლინიკის დირექტორმა ტაბულას უთხრა, ის კლინიკაში შეიყვანეს “ზემო კიდურების დაზიანებთ”.
ტაბულამ პენიტენციურს დავით ფეიქრიშვილის ვივამედში ხელახლა გადაყვანის შემდეგაც მიმართა, სადაც გვითხრეს “საოპერაციოდ არ ამზადებენ, საუბარია იმაზე, თვითდაზიანება რომ მიიყენა, მინა რომ ჩაამტვრია, ხელზე აქვს დაზიანება და ამას უმუშავებენ, ნაჭერს ადებენ, ასე ვთქვათ. ეს არ არის ოპერაცია, როგორც ვრცელდება ინფორმაცია”.
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ფეიქრიშვილზე “თანამესაკნეებს არ უძალადიათ”. ადვოკატი კი ამბობდა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს “ფიზიკური დაზიანებები” სწორედ ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ მიაყენეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პენიტენციური სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დავით ფეიქრიშვილმა გუშინ, მაშინ როცა ადვოკატს ხვდებოდა, “მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა”. ამ განცხადებაში საუბარია “თვითდაზიანებით დამუქრებაზე” და არა იმაზე, რომ ფეიქრიშვილმა მიიყენა დაზიანებები.
“ზემო კიდურების დაზიანებაა” - დავით ფეიქრიშვილი კლინიკა ვივამედში ისევ გადაიყვანეს
რას ამბობს პენიტენციური და რას ვივამედის დირექტორი დავით ფეიქრიშვილზე
მომხდართან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო.
პროკურატურამ 2 ოქტომბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის გიორგი ფეიქრიშვილს, დავით ფეიქრიშვილს და მის დაცვის წევრს ალექსანდრე ჩაფოძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 სექტემბერს შეუფარდათ.
შსს-მ ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი 22 სექტემბერს დააკავა.
“შუქნიშანთან გაჩერების გამო სცემეს” – დავით ფეიქრიშვილს და კიდევ 1 პირს ბრალი წარედინა
“$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით” – POG-მა გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
ძმები ფეიქრიშვილები კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები არიან. მათი სახელები არაერთ საქმეში ფიგურირებდა. წარსულში ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც იყვნენ დაკავებულები.
ასევე, 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებითაც დააკავეს - საქმე ეხებოდა მილიონზე მეტ ლარს.
გარდა ამისა, 2020 წელს სუს-მა 6 პირი დააკავა, რომლებსაც ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების დაგეგმვა ედებოდათ ბრალად.