← მთავარი
სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს

10 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის, გელა მებონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე 3 ივლისს აღიძრა. მათივე მტკიცებით, გელა მებონიამ 2 ივლისს, გალის რაიონის სოფელ ბატაიგუარასთან, საქართველოს მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

Apsadgil.info-ის ინფორმაციით, 6 ივლისს გალის რაიონის დე ფაქტო სასამართლომ გელა მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც წინასწარი გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს.

ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.

← მთავარი