← მთავარი
სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა

24 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 4 პირის განაჩენი გამოაცხადა. მჭედლიშვილმა ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნო. ნანა სანდერს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, აბო ნავერიანს - 5 წლით, ანტონ უპერსაც 5 წლით, თუმცა უპერი საქართველოში არ იმყოფება და მას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, გამოცხადდება ძებნა, მარიამ მეყანწიშვილს კი 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მეყანწიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და თავისუფლებაზე იმყოფებოდა. ჯარიმა ამ თანხით დაიფარება.  

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

← მთავარი