„4 ოქტომბრის საქმეზე" კიდევ ერთ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს. ჯერ კიდევ წინა სხდომაზე ის ბრალს აღიარებდა: „მე ვარ უდანაშაულო, მე ვასრულებდი სამშვიდობო მისიას. წამართვეს სამსახური, ხელფასი, ყველაფერი — ნადგურდება ჩემი ოჯახი.”
საპროცესო შეთანხმების პირობაა ბრალის აღიარება და სამი წელი პირობითი მსჯავრი. ალბუთაშვილი გათავისუფლდება, მას შემდეგ, რაც საქმე ცალკე გამოიყოფა და სხვა მოსამართლე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სხდომას ჩაატარებს.
4 ოქტომბრის საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს „კონსტიტუციური წყობილების დამხობის” საქმეა, ბრალდებულებისთვის კი — „მშვიდობიანი რევოლუციის” მცდელობის. საქმეზე სულ 65 ადამიანია ბრალდებული; ამ დრომდე საპროცესო შეთანხმება 23 დემონსტრანტს გაუფორმდა. 11 უკვე მსჯავრდებულია — მათ შორის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის მოთხოვნის მონაწილე პოლიტიკოსები, რომლებსაც 7 წლით თავისუფლება აღეკვეთათ.
დაკავებულებს, რომლებიც საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ, ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის” ლოზუნგით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტთა ერთი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლის ახლოს სპეცრაზმთან შეეჯახა.