← მთავარი
სამართალი

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

10 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს მიმართა.

ო’ფლაჰერტი გენერალური პროკურორს სთხოვს განმარტებას, რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა სადიგოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, რომელიც აზერბაიჯანის პროკურატურამ თავად შეწყვიტა 2026 წლის 1 აპრილს და მისი ხელმეორედ დაკავებისას რატომ იქნა არჩეული წინასწარი პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად.

8 ივნისს აფგან სადიგოვი ბაქოში, სამოქალაქო ფორმაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.

კომისარი იხსენებს, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკვე მოუწოდა გაეთავისუფლებინათ ყველა ჟურნალისტი, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც, მისი შეფასებით, პროფესიული საქმიანობისა და კრიტიკული შეხედულებების გამო არიან დაპატიმრებულები.

წერილში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ აზერბაიჯანში არსებობს ხელისუფლების კრიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების თვითნებური დაკავებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის განმარტებით, დაზარალებულების საჩივრების საფუძველზე სასამართლომ გააუქმა გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განაახლა. ამის შემდეგ აფგან სადიგოვი გამოძალვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

წერილის თანახმად, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სადიგოვი სოციალურ ქსელებში ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდა და სხვადასხვა პირისგან ქონების გამოძალვას მუქარის გზით ცდილობდა. ასევე აღნიშნულია, რომ იგი წარსულშიც იყო ნასამართლევი მსგავსი დანაშაულისთვის და მოგვიანებით პრეზიდენტმა შეიწყალა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამით დააკავეს. ღამის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი აზერბაიჯანში გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.

საქართველოდან ექსტრადირების შემდეგ, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააპატიმრეს.

სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა — “იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და “პაგონების” სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ”.

რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?

SJC: აფგან სადიგოვის შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის

← მთავარი