4 ოქტომბრის „სასახლის ღობის” ეპიზოდის 8 ბრალდებული სასამართლოდანვე გათავისუფლდა
სასამართლომ „სასახლის ღობის” ეპიზოდის 8 ბრალდებულს — ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილსა და დათო ღუწკაიას — საპროცესო შეთანხმება დაუდასტურა. თითოეულ მათგანს 3-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა.
ყველა ბრალდებული სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა, გარდა ევა შანშიაშვილისა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფებოდა. პროკურატურა ბრალდებულებს შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ დანაშაული „აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს”. საქმე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განიხილა.
ამ ეპიზოდს ჯამში 15 ბრალდებული ჰყავდა, მაგრამ 7 მათგანი — გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, ზაქრო ალბუთაშვილი, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე და დავით სტურუა — ბრალს არ ცნობს. მათი საქმის განხილვა მოსამართლე გიორგი გელაშვილთან გაგრძელდება.
ბრალდებულებს ბრალი ოქტომბრის 4-ის მოვლენებთან — სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩასაგდებად ჯგუფური მოქმედებისა და ქუჩის არეულობის ბრალდებებით — ედებოდათ.