გერმანიაში Nord Stream-ის აფეთქებაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის სასამართლო პროცესი ჩატარდა
უკრაინის არმიის ყოფილი ოფიცრის ადვოკატებმა, რომელსაც ოთხი წლის წინ მომხდარი აფეთქებების შედეგად Nord Stream-ის (ჩრდილოეთის ნაკადი) გაზსადენების დაზიანებაში ედება ბრალი, სასამართლო პროცესის პირველივე დღეს ბრალდების მოხსნა მოითხოვეს.
50 წლის სერჰიი კუზნეცოვს აფეთქების ორგანიზებაში, ქონების დაზიანებაში, საჯარო სამსახურის ფუნქციონირების შეფერხებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გზით ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში ედება ბრალი.
ბრალდების მოხსნის შუამდგომლობის წარდგენისას მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კუზნეცოვი კვლავ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა, შესაბამისად, უკრაინის კანონმდებლობით ვალდებულია, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლოების გამო დუმილი შეინარჩუნოს.
14 ოქტომბრის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, კუზნეცოვს არაფერი უთქვამს.
ბრალდების წაკითხვის შემდეგ მოსამართლემ იკითხა, სურდა თუ არა კუზნეცოვს კომენტარის გაკეთება, რაზეც მისმა დამცველებმა უარი თქვეს.
კუზნეცოვის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ომის დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებები უმჯობესი იქნებოდა რუსული ძალებისთვის წაეყენებინათ, იმ ქმედებების გამო, რომლებსაც ისინი ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ასრულებენ. მაგალითებად დაცვის მხარემ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკე და უკრაინელი ბავშვების გატაცება მოიყვანა.
დაცვის მხარემ ასევე გააპროტესტა ბრალდება, რომლის თანახმადაც თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული დივერსია იყო.
ადვოკატმა ნიკოლა კანესტრინიმ განაცხადა, რომ ეს მილსადენები რუსების ხელში იარაღი იყო.
თუმცა ბრალდების მოხსნის მოთხოვნის მთავარი საფუძველი იყო ის, რომ კუზნეცოვს, როგორც უკრაინელ ოფიცერს, დუმილი უნდა შეენარჩუნებინა.
“მას ლაპარაკის უფლება არ აქვს. მისმა ორმა უშუალო ხელმძღვანელმა განუმარტა, რომ მას რაიმე განცხადების გაკეთების უფლებამოსილება არ გააჩნია - საკუთარ ადვოკატებთანაც კი”. - განუცხადა სასამართლოს ადვოკატმა იეს მაიერ-ლოკამპმა. მისი თქმით, გერმანიის კანონმდებლობით: “არ შეიძლება, რომ მას, ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია, მსჯავრო დაედოს”.
მაიერ-ლოკამპმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის პირობები.
ბრალდებულის სასამართლო პროცესი, რომელსაც თავდასხმის მთავარ ორგანიზატორობას მიაწერენ, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით მიმდინარეობს.
სასამართლოს ცნობით, საქმის გასაშუქებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან 100-ზე მეტი მედიის წარმომადგენელია აკრედიტებული.
სასამართლოს შენობის გარეთ უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრანტები შეიკრიბნენ პლაკატებითა და ტრანსპარანტებით, რომლებზეც წითელი ასოებით ეწერა: “რუსეთი ტერორისტია”.
ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ცნობები Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის აფეთქებების შესახებ. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო. 2022 წელს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
კუზნეცოვი 2025 წელს იტალიაში დააკავეს.
იტალიის ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქე სერგეი კ. (სერჰიი კუზნეცოვი) რიმინის რეგიონში, “ევროპული ორდერის” საფუძველზე, აფეთქების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის, კონსტიტუციური დივერსიისა და მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურების ბრალდებით დააკავეს.
გერმანიის პროკურატურის ცნობით, სერგეი კ. იმ ადამიანთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებმაც ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს, გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დამონტაჟეს.
ამასთან, იმდროინდელი უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი რუსული გაზსადენი Nord Stream აფეთქებაში “უკრაინული კვალის” შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“ჩემთვის ეს საკმაოდ უცნაური ისტორიაა, მას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. ვფიქრობ, რომ ოფიციალური გამოძიება, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ტარდება, ყველა დეტალს აღწერს. ეს გარკვეულწილად კომპლიმენტი იქნებოდა ჩვენი სპეცდანიშნულების ძალებისთვის, მაგრა ეს ჩვენი ნამოქმედარი არაა”. – თქვა რეზნიკოვმა.
გაზსადენზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც. მისი თქმით, აფეთქებასთან უკრაინა კავშირში არაა და არ აქვთ ინფორმაცია პროუკრაინელ ჯაშუშებზე, რომელთაც ამისი გაკეთება შეეძლოთ.