← მთავარი
პოლიტიკა

ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედს" უჩივის

18 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია

“საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯორიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედს” სასამართლოში უჩივის. ლომჯარიას განცხადებით, საქმე ეხება ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და ტელეკომპანიის მიერ გაჟღერებულ ნარატივს იმის შესახებ, რომ ის ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის გაუქმებას და “ქართველი ხალხის დასჯას” ითხოვს. ლომჯარიამ ასევე დასძინა, რომ სარჩელი მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ეხება. ის პროსამთავრობო ტელევიზიას მმართველი პარტიის პოლიტიკური ნაბიჯების სხვებისთვის გადაბრალებაშიც ადანაშაულებს. “მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ტელეკომპანიის და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ჩემს წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოს ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ. “იმედის” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე. ეს სარჩელი შევიტანე არა მხოლოდ როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ როგორც ორი შვილის დედამ და ამ ქვეყნის მოქალაქემ,” — განაცხადა ლომჯარიამ (წყარო IPN). მისი განმარტებით, არ არსებობს სამხილი, რომელიც დაადასტურებს მას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვა. “მინდა განვაცხადო, რომ ბუნებაში არ არსებობს მოწმე, ფაქტი, თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე მითქვამს ან მიფიქრია რაიმე საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ. საპირისპიროს კი მრავალი ფაქტი ადასტურებს. ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება უკვე ამზადებს ნიადაგს იმ შედეგებისთვის, რომელიც შესაძლოა, მისივე ანტიევროპული პოლიტიკის გამო დადგეს. სინამდვილეში, ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ ვის გადააბრალონ მისი დაკარგვა. ეს არის კამპანია საკუთარი თავის გადასარჩენად და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის გადასარჩენად,” — განაცხადა მან (წყარო IPN).

← მთავარი