ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის "გამჭვირვალობის კანონზე" სასაუბროდ
სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს რომ შედგა შეხვედრები ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, კომიტეტის წევრებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ქართულმა მხარემ სთხოვა ლუქსემბურგს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში “ლუქსემბურგის მხარეს სთხოვეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს და მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, “მათ შორის “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით, რომელიც იყო კიდევაც ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების”. “ახლახანს დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, კომიტეტის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოების ვითარებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ასევე ეკონომიკურ პროგრესს. ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებს ჰქონდათ კითხვები სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით და ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმაზე, თუ რა ხდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, თუ რა როლს თამაშობს საქართველო მშვიდობის დამყარების პროცესში სამხრეთ კავკასიაში, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ასევე ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ.შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას. მოგეხსენებათ, ლუქსემბურგის პარლამენტი შედარებით მცირერიცხოვანია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 10-ზე მეტი წევრი იყო ამ შეხვედრაზე და ესეც კარგად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს.ასევე ჩვენ გვქონდა დღეს შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენი, ასე ვთქვათ, ვიზიტის ფარგლებში და აქაც ჩვენ ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს მხარდაჭერა, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად, მზად ვართ ასევე კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო კიდევაც ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, ვგულისხმობ “გამჭვირვალობის კანონს”. ამ მხრივაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლუქსემბურგის მხარე საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ ლუქსემბურგი, როდესაც იქნება წევრ ქვეყნებს შორის შეხვედრები, რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს საქართველოსთან დიალოგის განახლებას.რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, აქ ჩვენ პრობლემები ერთმანეთთან არ გვაქვს, პირიქით, პოლიტიკური ურთიერთობები ვითარდება, ეკონომიკური ურთიერთობებიც ვითარდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში იმას გვიზამენ, ლუქსემბურგის დელეგაციას საქართველოში, ასევე ჩვენი ვიზიტის ფარგლებში დადასტურდა, რომ შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა ლუქსემბურგს”, — აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე ვიდეოჩანაწერში.