ნიკოლოზ სამხარაძე: ვგმობთ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში განიცდის ოკუპაციას და ამ კონტექსტში, სურს მკაცრად დავგმოს ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში გაფორმდა.
სამხარაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მომხსენებელს ანგარიშისთვის და ჩვენს მიერ ვენაში შეთანხმებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში, გვსურს მკაცრად დავგმოთ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოადგენს მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. სახელშეკრულებო შეთანხმება ან სხვა აქტი, არის და იქნება ბათილად ცნობილი.
პუტინისთვის, მისი მეგობრებისთვის და ომისთვის. რატომ სჭირდება რუსეთს ცხინვალი?
2026 წლის 9 მაისს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი კრემლში შეხვდნენ და ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, რომელიც, ოფიციალური განმარტებით, რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის “მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებას“ ისახავს მიზნად. თუმცა დოკუმენტის შინაარსმა რეგიონში მორიგი დისკუსია გააჩინა იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოსაა მოსკოვი სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ანექსიასთან.