“ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები PACE-ს მიერ არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი”, — ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, რეზოლუციის პირველ ვერსიაში “საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რომელიც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა”. “რეზოლუციის ის პირველადი ვერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ფაქტობრივად, არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რომელიც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, ამ რეზოლუციის ავტორებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეზოლუციას ხმას მისცემენ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი ვიზიტი, რომელიც აქ შედგა, არაფრის მომტანი იყო და ეს იყო უბრალოდ ვიზიტი იმისთვის, რომ მათ ანგარიშში ჩაეწერათ, რომ ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ.ეს რეზოლუცია სრულიად გააქარწყლებს იმ განცხადებებს, რომლებითაც ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმებზე, PACE-ს წარმომადგენლები, რომ მათ სურთ, საქართველოს დელეგაცია PACE-ში სამუშაოდ დაბრუნდეს. ამ რეზოლუციის „დრაფტში“ წერია, რომ PACE ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და 2025 წლის იანვრის რეზოლუცია არის სწორედ მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევაჩერეთ PACE-ში ჩვენი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, საერთოდ აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო PACE-ში დაბრუნდეს. 2025 წლის იანვრის შემდეგ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა და წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ წინა რეზოლუციის ჩანაწერს ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები PACE-ს მიერ არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი”, — განაცხადა სამხარაძემ IPN-ის ცნობით. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. საქართველომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2025 წლის იანვარში დატოვა. რა წერია ანგარიშის პროექტში, რომელსაც PACE 24 ივნისს განიხილავს? 2025 წლის 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, PACE-მა მოსთხოვა ქართულ ოცნებას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს მუშაობა ხელახალ არჩევნებზე, რის შესასრულებლადაც ოცნებას ვადა აპრილის სესიამდე მიეცა. რა არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელთან მუშაობაც “ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა რეზოლუციის მიღებიდან მალევე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.