[ჩოგბურთი] ნიკოლოზ ბასილაშვილი ბალტიისპირელს ვერც ამჯერად გაუმკლავდა | Lelo.Ge
ბრაუნშვეიგში (გერმანია) ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 111-ე) მე-6 ნომრად იყო განთესილი. სტარტზე იგი ურთიერთობას ვილიუს გაუბასთან (ლიეტუვა, 129-ე) არკვევდა, რომელთანაც ორი წლის წინათ მატჩი ჰქონდა წაგებული. ჩვენებურმა რევანშის აღება ვერ შეძლო - ამჯერადაც სამ სეტში დამარცხდა - 3:6, 7:6, 2:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
გერმანიაშივე ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (W100) ასპარეზობის მე-7 ნომერმა ეკატერინე გორგოძემ პირველ წრეში სლოვაკ მია პოჰანკოვას მოუგო - 1:6, 6:0, 6:1 და მერვედფინალში გავიდა.
წყვილებში გორგოძე და კატერინა ციგუროვა (შვეიცარია) სტარტზე მარტინა კაპურო ტაბორდასა (არგენტინა) და ფერნანდა ლაბრანას (ჩილე) სათამაშოდ არ გამოუცხადნენ.
პორტუგალიის ქალაქ კოროიოს-სეიშალის ქალთა ტურნირში (W50) მონაწილეობს ზოზია ქარდავა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან მასპინძელ მადელამა მატიასსა და ფრანგ სედა ბასლიარს (საფრანგეთი) აჯობა. 8 ივლისს მთავარ ბადეში ასპარეზობის მეორე ნომერს - ჰანე ვანდევუნკელს (ბელგია) შეხვდება.