საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის “ბეზიე” გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. შერკინების ბურჯ, ახალზელანდიელ მაკა მაფიელოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლანგედოკელები შერკინების ქართველ კვაჭს ნიკა სუთიძეს ელიან.
საქართველოს ნაკრებისა და “ლა როშელის” მორკინალმა გასულ სეზონში კლუბის შემადგენლობაში 15 მატჩში ითამაშა. ვინაიდან “ლა როშელს” ამ პოზიციაზე უკვე ჰყვას პიერ ბურგარიტი, ტოლი ლატუ და კვენტინ ლესპიოკი, კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, 22 წლის ქართველი არენდით “ბეზიესთვის” დაეთმო, რადგან მას მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ სუთიძეს “ბეზიეში” დახვდება სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი ჰუთრო სტენკამპი, რომელთან ერთადაც ის “ლა როშელში” მუშაობდა. ამასთან ერთად, ლანგედოკური კლუბის ღირსებას სამი ქართველი, შერკინების ბურჯები ლუკა აზარიაშვილი და ლუკა გოგინავა, ასევე მეორე ხაზელი ოთარ კინწურაშვილი იცავენ.
“ბეზიემ” გასული სეზონი 54 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.