[ინტერვიუ] ნიკა სიხარულაშვილი: "მე როგორი ფეხბურთიც მომწონს და რაც ჩემს წარმოდგენაშია, დემჩენკოს ხელში ზუსტად ასე ვთამაშობთ"... | Lelo.Ge
ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასული “იბერია 1999” ახლა ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი და სიხარულია. მაგრამ ნაკლებად საუბრობენ საქართველოს ჩემპიონის მთავარ საზაფხულო შენაძენზე - 23 წლის ნახევარმცველი ნიკა სიხარულაშვილი იყო.
ის ბავშვობიდან ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა. თბილისის “დინამოს” აღზრდილი 2025 წელს საბერძნეთის სუპერლიგა 2-ის კლუბ “მაკედონიკოს ნეაპოლისში” გადავიდა და ბევრმა დაივიწყა, მაგრამ “იბერიაში” გადმოსულმა თავი ყველას შეახსენა. 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა ევროთასების ბოლოს 6 შეხვედრაში - ასეთია ნიკა სიხარულაშვილის სტატისტიკა, რაც მშვენიერი შედეგია.
სწორედ ნიკა გახდა “ლარნთან” საპასუხო მატჩის მთავარი ფიგურა - ჯერ რა ლამაზი პასით გაუგრძელა შეტევა ვახო ბედოშვილს, რომელმაც ანგარიში გახსნა და მერე გადამწყვეტი გოლი თავად გაიტანა. შაბათს კი, ეროვნულ ლიგაში, ქუთაისის “ტორპედოსთან” შეცვლაზე შესულმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და 10-კაციან “იბერიას” ანგარიში გაათანაბრებინა.
ამიტომ, არა მგონია, გადაჭარბებული იყოს შეფასება, რომ “იბერიას” 22 წლის თავდამსხმელად გარდაქმნილი ნახევარმცველი კვირის გმირია.
ეს ეროვნული ლიგის გუნდებისთვის მოტივაციის წყაროა
- ევროტურნირი შესანიშნავად დაიწყეთ - 6 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. ასეთი სტატისტიკა დიდი ხანია ქართული გუნდის მოთამაშეს არ ჰქონია…
- მოდი, დავიწყოთ “ფლორასთან” პირველი თამაშიდან, სადაც გასვლაზე ძირითადში მოხვედრას არ ველოდი. მაგრამ საკმაოდ კარგად წარმოვაჩინე თავი და მწვრთნელის ნდობა დავიმსახურე. მერე თავი თბილისშიც გამოვიჩინე და ეტყობა ჩემმა ცენტრფორვარდობამ გაამართლა.
- “იბერიას” ევროჯგუფში მოხვედრა გუნდისთვისაც დიდი სტიმულია და თითოეული ფეხბურთელისთვისაც…
- და არა მარტო ჩვენთვის, პირველ რიგში ეს შედეგი ეროვნული ლიგის ყველა გუნდისთვის არის მოტივაციის წყარო, რომ იმავეს გაკეთება თავადაც შეუძლიათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უფრო მაღალი დონის თამაშები ანუ ევროსეზონი შემოდგომამდე გაგრძელდება. ეს კი ეროვნული ლიგის დონეზე პირდაპირ აისახება. და რა თქმა უნდა, “იბერია” ხარისხობრივად სხვა ეტაპზე გადავა.
ევროტურნირებზე ამპლუის შეცვლამ გაამართლა
- ახალ გუნდში ასეთი სტარტი კარგია, მაგრამ სანამ თანაგუნდელებს და მწვრთნელის მოთხოვნებს გაიცნობ, დრო გადის. ადაპტაცია ასე ადვილად როგორ მოახერხეთ?
- მე როგორი ფეხბურთიც მომწონს და რაც ჩემს წარმოდგენაშია, დემჩენკოს ხელში ზუსტად ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ და გუნდთან შეგუება ამიტომ გამიმარტივდა.
- კარგად მახსოვს, რომ “დინამოში” და ასაკობრივ ნაკრებებში ცენტრალური ნახევარმცველი იყავით, “იბერიაში” თავდამსხმელობა რატომ დაგევალათ?
- როცა დემჩენკო მოვიდა, პირველად შეცვლაზე “ტორპედოსთან” თასის შეხვედრაში მათამაშა. მართალია, გოლი ან პასი არ მქონია, მაგრამ მისი დავალება მოედანზე ერთი-ერთში გადავიტანე. როგორც მივხვდი, ბურთთან ჩემი ურთიერთობა მოეწონა და ფაქტია, ევროტურნირებზე ამან გაამართლა.
- როგორც ჩანს, დემჩენკო ესპანური სტილის თავდამსხმელად განგიხილავთ…
- ჩვენი სისტემა ბურთის კონტროლზეა აწყობილი, ბურთი ზევით ნაკლებად უნდა გავუშვათ, სულ დაბლა უნდა გავაგოროთ და იმდენ ხანს უნდა ვაკონტროლოთ, რომ შეტევაში სივრცეები გაიხსნას და მოკლე პასებით საჯარიმოში შევაღწიოთ. ასეთ დროს დემჩენკოს ტექნიკური თავდამსხმელი სჭირდება.
ევროტურნირზე ახლა წნეხი მოგვეხსნა
- ევროპალიგის პლეი ოფში “იაგელონიას” შეხვდებით, რომელიც “ლარნზე” ბევრად რთული მეტოქეა…
- ვნახე მათი თამაში. “ლარნზე” მართლაც ბევრად მაღლა დგას. მეორე მხრივ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი ქართული გუნდი ვართ, ევროტურნირის ჯგუფში რომ გავედით, წნეხი მოგვეხსნა და მოედანზე თავისუფლად გავალთ, ქომაგი რომ ვასიამოვნოთ და გვერდში დგომა დავუფასოთ.
- ახლა დაძაბული გრაფიკით მოგიწევთ თამაში. “ტორპედოსთან” დაგეტყოთ, რომ ბოლომდე ძალები არ გეყოთ…
- მაინც გადახალისებული შემადგენლობა იყო, “ლარნის” შემდეგ ზოგიერთი განაცხადშიც არ იყო. როცა ასეთი ცვლილებებია, რთულია იმავე დონეზე ითამაშო. თან “ტორპედოსთან” 10 კაცით დარჩენილებს გაგვიჭირდა.
- ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, პლუს ევროთამაშები. “იბერიას” ორივე ფრონტზე თამაშის რესურსი აქვს?
- კი რთული იქნება, პლუს თასის თამაშები გველის, ანუ, სამ ფრონტზე მოგვიწევს თამაში. ალბათ, შემადგენლობის სიღრმე გაიზრდება. ხელმძღვანელობამ და დემჩენკომ უკვე თქვეს, რომ ფეხბურთელებს დავიმატებთ.
ვცდილობ, ჩემს თავზე უფრო ხშირად ავიღო თამაში
- კარიერა “დინამოში” დაიწყეთ. მერე ბერძნულ “მაკედონიკოს ნეაპოლისში” წახვედით და თქვენზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი…
- სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა და “დინამოს” მაშინდელმა მწვრთნელმა არ გამაჩერა. დიდი არჩევანი არ მქონია და საბერძნეთში წავედი. პირდაპირ ვამბობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან გუნდში სასურველი გარემო არ დამხვდა, არ მათამაშებდნენ… მოკლედ, ეს ის თემაა, რომელზეც არ მინდა ლაპარაკი… -რა უცნაურია ცხოვრება - საბერძნეთის მეორე ლიგაში არ გათამაშებდნენ, ახლა კი ბევრი თვლის, რომ წარმატებული ევროსეზონის შემდეგ, ეროვნული ლიგიდან საქართველოს ნაკრებში გამოძახებას თუ ვინმე იმსახურებს, ეს პირველ რიგში თქვენ ხართ.
- მეც ვკითხულობ, რომ ასეთ კომენტარებს წერენ და, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება მახარებს. ახლა სხვა იმედით ვცხოვრობ, თავდაჯერებულობა მომემატა და ევროტურნირების სტატისტიკის შემდეგ ვცდილობ, თამაში ჩემ თავზე ხშირად ავიღო. მაგრამ არ ვიცი, ნაკრებში მოხვედრა რამდენად რეალურია. უფრო რეალური რაცაა, “იბერიას” შემდეგი თამაშები. ახლა ამაზე ვფიქრობ. მაგრამ ნაკრებში მოხვედრა ოცნებაა და თუ შანსი მომეცემა, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
- დარწმუნებულები ვართ, ევროთამაშების შემდეგ თქვენ მიმართ ინტერესი გაზრდილია და წინადადებებიც გექნებათ…
- ძალიან ბედნიერი ვარ “იბერიაში” ყოფნით და ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ ამ გუნდთან უფრო დიდ წარმატებას უკავშირდება. მით უფრო, რომ ევროტურნირის ჯგუფში თამაში მაგარი სტიმულია.