"ერთ საღამოს სახელმწიფომ წამმზომი ჩამირთო - 10 დღე ქვეყნის დასატოვებლად... 9 დღის წინ საფრანგეთმა მაღიარა და მომცა 10 წლიანი უმნიშვნელოვანესი საბუთი" - რას წერს ნიკა ქავთარაძე
მსახიობი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ემიგრაციაში წავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ საფრანგეთისგან უკვე მიიღო საბუთი, რომლითაც მას ქვეყანაში ყოფნის და მუშაობის უფლება ექნება. იუმორისტი საქართველოდან წასვლის მიზეზებზეც საუბრობს:
“სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის/მოქალაქის მტრად გამოცხადება, მისთვის პრობლემების შექმნა, მისი დევნა, დისკრედიტაცია, უსამართლოდ დაჭერა, ცემა და სხვა უამრავი ასეთი რაღაც, თითქოს რეალობის გაბუქებაა და თითქოს არაფერი ისეთი არაა, რასაც ვერ გაუძლებ - ეს დამოკიდებულება მიგვრძნია ახლობლებისგან, ბავშვობის მეგობრებისგან, ნათესავებისგან, თანამშრომლებისგან სხვადასხვა კომპანიებში - ძალიან განვიცდიდი ამას, წლების განმავლობაში.
იმაზე არაფერს ვამბობ, რა აქვს მოწყობილი ჩემთვის პროპაგანდას - არა ერთხელ, ორჯერ, ან ათჯერ.ვამბობდი, ვწერდი, ვყვიროდი. მაგრამ… რაც დამოუკიდებელი გავხდი, მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. რადიოთი, გაზეთით, ტელევიზორით, ვცდილობდი უკეთესი ქვეყანა და ბედნიერი საზოგადოება გვქონოდა. ათასობით და ათიათასობით ოჯახი გამიცინებია. სიცილის გარდა, ბედნიერება, აღტაცება, იმედი და გულმხურვალე მხარდაჭერა გამიჩენია, უიმედო, მოწყენილი ადამიანებისთვის.სულ მჯეროდა, რომ ესაა ჩემი “მისია” - ადამიანების სიყვარული, სიცილი და სიკეთე გამეასმაგებინა ხალხის, თაობების გონებასა გულებში.
რადგან სიგიჟემდე მიყვარს ხალხი, ხალხი, ვისაც ყველაზე კარგად ესმის ქართული ზუსტად ამ მიზეზების გამო, არასდროს მიფიქრია ემიგრაციაზე, არცერთი მიზეზით. სანამ ერთ საღამოსაც წამმზომი არ ჩამირთო სახელმწიფომ - 10 დღე ქვეყნის დასატოვებლად, პირადი და ოჯახის წევრების თავისუფლების და უსაფრთხოების სანაცვლოდ.ამ ღამეზე როდისმე შვილიშვილებს მოვუყვები, აუცილებლად…
ასე დავტოვე სამშობლო 2025 წლის 14 ივნისს. წარმოდგენა არ მქონდა, რა თავგადასავალი მელოდა წინ. ჩამოსვლიდან დაახლოებით 2 კვირაში მოვახერხე, მივსულიყავი ორგანიზაციაში, სადაც განვაცხადე, რომ თავშესაფარს ვითხოვდი.ამ დღიდან ზუსტად 3 თვეში, მქონდა მთავარი “ინტერვიუ”, რომლის დროსაც მოვყევი ჩემი ცხოვრების ბოლო 14 წლის შესახებ. მოვყევი ამბები, რომლებიც ყველა ჩემიანმა იცოდა, უამრავმა ადამიანმა იცოდა, რადგან ვამბობდი, ვწერდი, ვყვიროდი. მაგრამ… თან ყველაფერი, ყველა დეტალი ეწერა ინტერნეტში - ქართული მედიის ციფრულ არქივებში.ერთი სიტყვა არ დამიმატებია.ასეთი ინტერვიუების (OFPRA-ს რანდე ვუ) შემდეგ წლები გაურკვევლობაში არიან ადამიანები. ან არადამაჯერებლობის გამო, უარს (ნეგატივი) იღებენ და მერე ასაჩივრებენ და ისევ გაურკვევლობა და ლოდინი იწყება და წლები გრძელდება.
9 დღის წინ, დილის 8:25-ზე (სიცხეების გამო 08:00 იწყებოდა მუშაობა) “ვოთსაფში” მესიჯი მომწერა გღეგუაღმა, ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა:“Bonjour, votre décision OFPRA est disponible sur votre espace.” ( გამარჯობა, თქვენი OFPRA-ს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია თქვენს ანგარიშზე-ო)ზუსტად ვიცოდი, რა ეწერებოდა, მაგრამ მაინც გულის ბაგაბუგის ფონზე შევედი საიტზე და ვნახე OFPRA-ს დირექტორის სახელით მოწერილი წერილი/გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთმა მაღიარა და მომცა 10 წლიანი უმნიშვნელოვანესი საბუთი- ცხოვრების, მუშაობის და ყველაფრის უფლებით.
ესაა გარანტია, რომ იზრუნებს ჩემ თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.ესაა საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ დიდებულ ქვეყანაში გულთან მიიტანეს და პრობლემად ჩათვალეს ის, რასაც წლებია მიშვება სახელმწიფო, რომელიც თავზე აზის ჩემ და თქვენ სამშობლოს და რასაც სერიოზულად არ თვლიდნენ ახლობელი ადამიანები.არადა უამრავმა ადამიანმა იცოდა, რადგან ვამბობდი, ვწერდი, ვყვიროდი.მაგრამ…შემოდგომაზე 48 წლის ვხდები.ხოდა,მჯერა, რომ ნახევარი ცხოვრება წინ მაქვს - ასე სცოდნია კარგ ქვეყანას ვინც ხვდებით და ჩემთან ერთად გიხარიათ, რა საჩუქარი გამიკეთა საფრანგეთმა - მადლობა ვისაც გული გწყდებათ, რომ ემიგრანტი გავხდი” - წერს ნიკა ქავთარაძე.