← მთავარი
პოლიტიკა

ნიდერლანდები: „კვლავ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების მხილებას”

30 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ნიდერლანდები: „კვლავ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების მხილებას”

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა „ფორმულას” განუმარტა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სწრაფი გაუარესების საერთაშორისო დონეზე მხილებას.

„ნიდერლანდები მუდმივად გმობს რეპრესიების იმ კამპანიას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შემდგომი სწრაფი გაუარესება საქართველოში ღრმად სამწუხაროა. ამან გამოიწვია ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელოვანი დაქვეითება, მათ შორის მთავრობასთან დახმარებისა და თანამშრომლობის შემცირება,” — განაცხადა სპიკერმა.

მისი სიტყვებით, „ქართული ოცნების” ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ მოპოვებულ დემოკრატიულ მიღწევებსა და მის საერთაშორისო რეპუტაციას.

ნიდერლანდებმა ეუთოს 23 სხვა ქვეყანასთან ერთად მიმდინარე წლის დასაწყისში მხარი დაუჭირა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამუშავებას. სამინისტრო ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის მიზანმიმართულ სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის — ვალდებულება, რომლის აუცილებლობა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ბოლო ანგარიშშიც გაესვა ხაზი.

← მთავარი