← მთავარი
სპორტი

[ნიჩბოსნობა] ალექსანდრე წივწივაძის კანადური ვერცხლი | Lelo.Ge

8 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ნიჩბოსნობა] ალექსანდრე წივწივაძის კანადური ვერცხლი | Lelo.Ge

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში რამდენიმე დღეს გრძელდებოდა ახალგაზრდა და 23-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი კანოესა და კაიაკში. შეჯიბრებაში 60 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი (მათ შორის - ორი საქართველოდან) მონაწილეობდა.

ალექსანდრე წივწივაძე, რომელსაც ერთადგილიანი კანოებით კადეტებსა და ახალგაზრდებში არაერთხელ მოუპოვებია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა, ამჯერად ერთადგილიანი კანოეთი ორ დისტანციაზე ცდიდა ძალებს. წინასწარი გაცურვისას მან 200 მეტრი 45.85 წამში დაფარა და მეორე ადგილით მთავარ ფინალში გავიდა. ქართველ ნიჩბოსანს უნგრელმა დერდო რუმიმ (44.58) აჯობა. სამაგიეროდ, გადამწყვეტი პაექრობისას ორივე სპორტსმენმა ერთნაირი დრო აჩვენა - 41.57 წამი და ორივეს ვერცხლის მედალი ერგო, ჩემპიონობა კი 41.38 წამით ესპანელმა რაულ ფერნანდესმა მოიპოვა.

კვალიფიკაციისას 500-მეტრიანი დისტანცია წივწივაძემ 2:16.97-ში დაფარა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მე-8 ადგილი (2:15.88) დაიკავა და ფინალებს მიღმა აღმოჩნდა.

ამავე ასაკში ასპარეზობდა ერთადგილიანი კაიაკით ნიკა ოდიშელიძე, რომელიც 200 მეტრზე წინასწარი გაცურვისას 41.47 წამით მეორე იყო (ჩვენებურს ლატვიელმა იანის კაურატსმა აჯობა - 39.35). ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში შედეგი გააუმჯობესა, თუმცა 39.56-მა წამმა მხოლოდ მე-6 ადგილი და B ფინალში ასპარეზობის უფლება მოუტანა. გადამწყვეტი შეჯიბრებისას ნიკა 40.98 წამით მე-5 ადგილს დასჯერდა.

← მთავარი